ჯულია როჰრერს, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტში იდენტობის ფსიქოლოგიას იკვლევს, სოციალური მეცნიერებისათვის რადიკალურად ახალი კულტურის შექმნა სურს. ის ცდილობს, კოლეგები დაიყოლიოს, საჯაროდ შეძლონ თავიანთი შეცდომების აღიარება.

ამის განსახორციელებლად მან, თავისი კოლეგების დახმარებით, წამოიწყო პროექტი, რომელსაც თავდაჯერებულობის დაკარგვა ჰქვია. პროექტის მიზანია, უზრუნველყოს უსაფრთხო აკადემიური სივრცე, სადაც მკვლევრებს შეეძლებათ, ყველას წინაშე გამოაცხადონ, რომ მათ საკუთარი ადრინდელი კვლევების სიზუსტის აღარ სჯერათ. ამ ინიციატივის შედეგად უკვე დაიწერა ნაშრომი, სადაც თავდაჯერებულობის არქონის ექვსი აღიარებაა თავმოყრილი.

"ვფიქრობ, ჩვენი კულტურის ბრალია, რომ შეცდომების აღიარება გვიჭირს", - ამბობს როჰრერი, - "ჩვენი უფრო მასშტაბური მიზანია, რომ ფსიქოლოგიასა და მთლიან სამეცნიერო სისტემას სრულიად სხვა კულტურული გარემოს შექმნის მიმართულებით ვუბიძგოთ", იქითკენ, სადაც მკვლევრებისთვის წარსულში დაშვებული შეცდომების აღიარება ჩვეულებრივი მოვლენა იქნება და რის გამოც არავინ არ დაისჯება.

საკუთარი უცოდინრობის მასშტაბის გაუცნობიერებლობა ადამიანური მდგომარეობის განუყრელი ნაწილია.

პროექტი ერთობ დროულიცაა, რადგან ბოლო წლებში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის სისწორე ან მთლიანად უარყვეს, ან დავის საგანი გახდა. მაგალითად, ერთ-ერთი მაღალპროფესიული კვლევითი ცენტრის მიერ ასი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის რეპლიკაციის ანუ ხელახალი ტესტირების შემდეგ თავდაპირველი შედეგების მხოლოდ 40 პროცენტი განმეორდა. სოციალური მეცნიერების პროფესიონალებს მძიმე დრო უდგათ, რადგან კლასიკური კვლევების გამეორების მცდელობებმა აჩვენა, რომ ისინი ხშირად სუსტ მეთოდოლოგიას ეყრდნობიან.

ინტელექტუალური თავმდაბლობა ის თვისებაა, რომელიც მკვლევრებს შეცდომის აღიარების შესაძლებლობას აძლევს. იმის ფონზე, როდესაც ტექნოლოგია ტყუილისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გაცილებით მარტივს ხდის, მსოფლიოს ბევრი ინტელექტუალურად თავმდაბალი და ცნობისმოყვარე ადამიანი სჭირდება.

თავმდაბლობისაკენ მიმავალ გზაზე სამი მთავარი გამოწვევა გვხვდება:

  1. იმისათვის, რომ მეტად ინტელექტუალურად თავმდაბლები გავხდეთ, ყველამ - მათ შორის ყველაზე ჭკვიანებმაც - უკეთ უნდა შევაფასოთ ჩვენს ცოდნაში არსებული ჩავარდნები. ჩვენი გონება იმაზე უფრო ნაკლოვანი და არაზუსტია, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ჩვენი უცოდინრობა კი ხშირად შეუმჩნეველიც კია.
  2. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი შეცდომების დანახვას შევძლებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებთანაც თუ ვაღიარებთ ამას, დიდი შანსია, რომ არ დავისჯებით. ჩვენ ამის სათქმელად უფრო მეტი გამბედაობა გვესაჭიროება, ამიტომაც უნდა შეიქმნას კულტურა, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმას იზეიმებს.
  3. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ მივაღწიოთ აბსოლუტურ ინტელექტუალურ თავმდაბლობას. ამიტომ გონივრულად უნდა ავირჩიოთ ჩვენი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.

საბოლოო ჯამში, იყო ინტელექტუალურად თავმდაბალი, არ არის მარტივი. თუმცა ეს სწორედ ის ღირსებაა, რომლისთვისაც ღირს ბრძოლაც და მარცხის წვნევაც კი.

მოკლედ ინტელექტუალური თავმდაბლობის შესახებ

ფოტო: Javier Zarracina / Vox

დიუკის უნივერსიტეტის იდენტობისა და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევრის, მარკ ლირის მიხედვით, ინტელექტუალური თავმდაბლობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რაღაც, რაც ჭეშმარიტი გგონია, შესაძლებელია, რეალურად, მცდარი იყოს.

ეს თვისება ზოგად თავმდაბლობასა და სიმორცხვეში არ აგერიოთ. ის არაფერ კავშირშია არც სიმხდალესთან და არც თავდაჯერებულობის ნაკლებობასთან თუ დაბალ თვითშეფასებასთან. თუ ადამიანი ინტელექტუალურად თავმდაბალია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მაშინვე უკან დაიხევს, თუ ვინმე მისი შეხედულებების სისწორეს ეჭვქვეშ დააყენებს.

სანაცვლოდ, ეს აზროვნების ერთ-ერთი მეთოდია. მისი დახმარებით, შენ უშვებ იმის შესაძლებლობას, რომ ცდები და ამ გზით მზად ხარ, სხვისი გამოცდილებისგან რაღაც ახალი ისწავლო. ინტელექტუალურად თავმდაბალია ადამიანი, რომელიც მუდმივად ინტერესდება იმით, რაც ჯერ არ იცის. მსგავსი მიდგომა იმ იდეალურ სამეცნიერო მეთოდს ჰგავს, რომლის გამოყენების დროსაც მეცნიერი თავისი ჰიპოთეზის სიმცდარის დამტკიცებას ცდილობს, რათა ფენომენის ახსნის ალტერნატიული გზის არსებობა გამორიცხოს. ეს ყველაფერი კი ერთ კითხვამდე დადის: რამე ხომ არ გამომრჩა?

ეს ყოველივე არ საჭიროებს არც მაღალ IQ-ს და არც გარკვეული უნარების ქონას; სამაგიეროდ, საჭიროებს საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარზე ფიქრს, რაც მტკივნეული პროცესი შეიძლება იყოს. "ეს არის საკუთარი თავდაჯერებულობის მეთვალყურეობის პროცესი", - ამბობს ლირი.

ამ იდეაზე ფიქრი სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებამდე დაიწყო. ფილოსოფოსები ოდითგანვე ცდილობდნენ, გაეზომათ ადამიანის ცოდნის საზღვრები. მიშელ დე მონტენი, მე-16 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი წერს, რომ ადამიანის უდიდესი ნაკლია, როდესაც ის თავისი ცოდნით ტრაბახობს.

როდესაც საკუთარი ცოდნის სიმწირის უსასრულობას უსწორებ თვალს, ძალიან რთულია მოულოდნელად თავსდამტყდარი პანიკისგან თავის დაღწევა.

სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თავმდაბლობა სხვა ღირებულ თვისებებთანააცაა დაკავშირებული: ადამიანებს, რომლებმაც ინტელექტუალური თავმდაბლობის კითხვარებში ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს, უკეთ შეუძლიათ საპირისპირო მოსაზრებების მოსმენა. ისინი ხალისით ეცნობიან ინფორმაციას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თავიანთ შეხედულებებთან. ისინი უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ფაქტებს და კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემისას მეტ თვითშეგნებას ავლენენ.

როდესაც ინტელექტუალურად ამპარტავან ადამიანს ჰკითხვათ, თუ სმენია რომელიმე გამოგონილი ისტორიული მოვლენის, მაგალითად, ჰამრიკის ამბოხის შესახებ, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ კი, რა თქმა უნდა, სმენია. ინტელექტუალურად თავმდაბალი ადამიანების შემთხვევაში მსგავსი პასუხის მიღების შანსი გაცილებით დაბალია. კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინეს, რომ შემეცნებითი რეფლექსი, ე.წ. ანალიტიკური აზროვნება, კორელაციაშია იმ უნართან, რომლის დახმარებითაც ადამიანს უკეთ შეუძლია ყალბი ინფორმაციის ნამდვილისგან განსხვავება. ამ კვლევებში, როგორც ასეთი, არ არის განხილული ინტელექტუალური თავმდაბლობის ფენომენი, თუმცა მათ შორის კავშირის დანახვა ნამდვილად შესაძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ ინტელექტუალურად თავმდაბალ ადამიანებს შესწევთ უნარი, აღიარონ, რომ არასწორნი არიან. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, უფრო მეტად ვუახლოვდებით ჭეშმარიტებას.

რატომაა ჩვენი უცოდინრობა ჩვენთვის უჩინარი

ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინტელექტუალურად თავმდაბალი ადამიანი და ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პირველი გახლავთ ის, რომ თანამედროვე კულტურა ამპარტავნებსა და ქედმაღლებს სწყალობს. ამავდროულად, თუ ჩვენ გავაანალიზებთ, რომ არასწორნი ვართ, იქნება ეს უცოდინრობისა თუ შეცდომის ბრალი, ჩვენს კულტურაში ამის აღიარება ერთობ რთულია. თავმდაბლობის გამოვლინება მარტივად შეიძლება გადაიქცეს დამამცირებელ მომენტად.

ასეთ პირობებში, როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ინტელექტუალურ თავმდაბლობას?

თავდაპირველად, აუცილებელია, დავიმახსოვროთ, რომ ადამიანის თავის ტვინი სრულყოფილი არაა და რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჩაგდებები ცოდნაში. როდესაც შეისწავლი, როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და როგორ აღიქვამს ის სამყაროს, რთულია, ოდნავ მაინც არ შეძრწუნდე და მეტად თავმდაბალი არ გახდე.

ჩვენ ხშირად არ შეგვიძლია დავინახოთ ან თუნდაც შევიგრძნოთ ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ამის გააზრება დაგვეხმარება, გავაანალიზოთ, თუ რამდენად ნორმალური მოვლენაა, როდესაც ადამიანი ცდება.

არც ისე ხშირად, მაგრამ ზოგჯერ ე.წ. მიმების საშუალებითაც კია შესაძლებელი ადამიანის გონების არასრულყოფილებასთან დაკავშირებით გაკვეთილის სწავლა. მაგალითად, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, Yanny-სა და Laurel-ზე გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობა ზუსტად შეესაბამება ჩვენი განხილვის თემას.

მათ გასაგონად, ვინც ამ ვირუსულ მოვლენას არ შესწრებია, - პირველ რიგში, იმედია, კომიდან გამოსვლის მერე თავს კარგად გრძნობთ, - მოკლედ მოგიყვებით, რაზეა საუბარი:

გასულ წელს ინტერნეტში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც რობოტული ხმა სიტყვა ლორელს წარმოთქვამს. თუმცა ასე დარწმუნებითაც ვერ ვიტყვით. ბევრი ადამიანი აუდიო ჩანაწერის ჩართვისას სიტყვა იანი-ს იგებს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ვერსიის, Yanny-სა და Laurel-ის მხარდამჭერები ნამდვილად ერთსა და იმავე ჩანაწერს ისმენენ.

"რა გესმით?! იანი თუ ლორელი?"

წესით, ჩვენი ტვინისათვის ხმის აღქმა მარტივი რამ უნდა იყოს. ის, რომ ამდენი ადამიანი ერთსა და იმავე ჩანაწერს ისმენს, თუმცა სხვადასხვა რამ ესმის, ნამდვილად დამაფიქრებელია. ის, თუ რომელი ვერსია გესმის, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს დინამიკის ხარისხი, სმენის დაქვეითება თუ ჩვენი მოლოდინები.

აი, რა უნდა ვისწავლოთ ამ გაკვეთილიდან: რაც უნდა ვუმეოროთ საკუთარ თავებს, რომ სამყაროს ჩვენეული აღქმა ობიექტურ ჭეშმარიტებასთანაა თანხვედრაში, სინამდვილეში ჩვენი რეალობა მაინც ინტერპრეტაციად დარჩება. სინათლე ჩვენს თვალებში აღწევს, ხმის ტალღები - ყურებში, ნივთიერებათა სუნები - ცხვირებში, ჩვენი ტვინები კი წყვეტენ, რა მნიშვნელობები მიაწერონ ამ შეგრძნებებს.

მსგავსი აუდიო თუ ოპტიკური ილუზიები (კაბის ფერზე ამტყდარი აჟიოტაჟიც სწორედ ამის მსგავსია) ცხადყოფს, რომ ჩვენი შემეცნება ვერ იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი, რადგანაც სამყაროს ფიზიკური ფენომენი გულგრილია იმის მიმართ, თუ რამდენად სწორად აღიქვამს მას ჩვენი მყიფე გრძნობითი ორგანოები. ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ. თუმცა ამის გაცნობიერება გარკვეულ აღშფოთებას იწვევს ხოლმე: როგორ შეიძლება, რომ სამყაროს ჩვენეული აღქმა ერთადერთი არ იყოს?!

ამ ტიპის აღშფოთებას გულუბრყვილო რეალიზმი ეწოდება: ესაა იმის განცდა, რომ სამყაროს ჩვენეული აღქმის გარდა სხვა სახის სიმართლემ არ შეიძლება იარსებოს. "ვფიქრობ, ხანდახან სიმარტივე და ავთენტურობა ერთმანეთში გვერევა", - ამბობს კრის ჩაბრისი, ფსიქოლოგიის მკვლევარი, რომელიც ადამიანური შემეცნების გამოწვევების შესახებ დაწერილი წიგნის თანაავტორია. როდესაც რაიმე იმდენად დაუყოვნებლივ და მარტივად აღსაქმელი ჩანს, როგორიც Yanny-ის გაგონებაა, მის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა რთულია (ანალოგიურად, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ როდესაც ტყუილი მეორდება, უფრო დიდი შანსია, ის დაგვამახსოვრდეს როგორც სიმართლე და ამას მარტივი მიზეზი აქვს: როდესაც რაიმე გესმის მეორეჯერ ან მესამეჯერ, შენი ტვინი მას უკეთ აღიქვამს. საკითხში გაწაფვა კი, შესაძლებელია, სიმართლეში აგვერიოს).

რეალობის ჩვენეული ინტერპრეტაცია ხშირად დაუსაბუთებელია, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს, რომ მისი სისწორე ჯიუტად ვამტკიცოთ. მიუხედავად ამისა, ერთი და იმავე დაკვირვებისგან განსხვავებული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი.

ყოველი შეგრძნება და ადამიანური განსჯის თითოელი კომპონენტი იმდენ ილუზიასა და გაურკვევლობას იტევს, რომ ჩვენ მათ არბიტრარულ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ.

ზოგიერთ ინტერპრეტაციას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, თეთრკანიანები შავკანიან ადამიანებს ხშირად იმაზე უფრო მასიურად და დაკუნთულად (მაშასადამე, უფრო საშიშად) აღიქვამენ, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ამას რასობრივი მიკერძოება ეწოდება, თუმცა ეს, ამავდროულად, სოციალურად კონსტრუირებული ილუზიაცაა. როდესაც ჩვენ გვასწავლიან, რომ სხვა ადამიანების უნდა გვეშინოდეს, ჩვენ ვაბუქებთ იმ საფრთხეს, რაც ამ ადამიანებისგან შეიძლება მოდიოდეს. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო სახიფათოები ჩანან და სწორედ ამის გამო ჩვენ მათ გარშემო კედლებს აღვმართავთ ხოლმე. როდესაც გვასწავლიან, რომ სხვა ადამიანები ჩვენზე ნაკლებად მნიშვნელოვანები არიან, ნაკლები შანსია, რომ მათ მიმართ სიკეთე გამოვავლინოთ და მეტი შანსია, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას არ შევეწინააღმდეგოთ.

არა მარტო სამყაროს შესახებ ჩვენეული ინტერპრეტაციაა თვითნებური, არამედ ჩვენ ხშირად ეჭვიც არ შეგვაქვს მის უტყუარობაში. "ჩვენი უცოდინრობა ჩვენთვის უხილავია", - წერს დევიდ დანინგი, რომელიც ადამიანების ცოდნაში არსებული ჩაგდებების ფენომენს შეისწავლის. ის დანინგ-კრუგერის ეფექტით ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენის თანაავტორიც გახლავთ. ეს ეფექტი აღწერს იმ შემთხვევებს, როცა უნარმოკლებული ადამიანები, მაგალითად ისინი, ვინც ელემენტარულ ლოგიკურ თავსატეხსაც ვერ ხსნიან, ზედმეტად თავდაჯერებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებში. ასეთ დროს გამოუცდელობა ცოდნად ინიღბება.

დანინგ-კრუგერის აღმოჩენა: ადამიანები, რომლებიც რაიმე დავალებას ყველაზე ცუდად ასრულებენ, ყველაზე თავდაჯერებულები არიან, რომ ამ დავალების შესრულება ბრწყინვალედ შეუძლიათ.

ფოტო: Journal of Personality and Social Psychology

დანინგ-კრუგერის ეფექტის პარადოქსია ის, რომ ბევრმა ადამიანმა ის არასწორად გაიგო და თავიანთ მცდარ ინტერპრეტაციაში ეჭვიც კი არ შეაქვთ.

როდესაც დანინგ-კრუგერის ეფექტის შესახებ საუბრობენ ან წერენ, როგორც წესი, ამ ფენომენს სხვა ადამიანებთან მიმართებაში განიხილავენ. "ფაქტი ისაა, რომ ეს ფენომენი, ადრე თუ გვიან, ყველას გვეწვევა", - ამბობს დანინგი. დროდადრო ყველანი გადაჭარბებული დარწმუნებით ვიცავთ ჩვენს სიმართლეს (მაგალითისთვის, ამერიკელების დაახლოებით 65 პროცენტს სჯერა, რომ საშუალოზე უფრო ჭკვიანია, თუმცა ეს მხოლოდ მათი ილუზიაა).

მსგავსად ამისა, ჩვენ ერთობ თავდაჯერებულნი ვართ მახსოვრობისადმიც. ადამიანის მეხსიერება მეტისმეტადაა მიდრეკილი ცვლილებებისადმი. როდესაც რაიმეს ვიხსენებთ, ჩვენ დროს უკან არ ვახვევთ და ხელახლა არ განვიცდით მომხდარს, თუმცაღა ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ ჩვენი მეხსიერება ვიდეოჩანაწერივით მუშაობს.

დანინგი იმედოვნებს, რომ მისი კვლევები დაეხმარება ადამიანებს, გაიაზრონ, რომ საკუთარი უცოდინრობის მასშტაბის გაუცნობიერებლობა ადამიანური მდგომარეობის განუყრელი ნაწილია. "პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერს ჩვენ სხვა ადამიანებში ვხედავთ და ვერასოდეს - ჩვენს თავში", - ამბობს ის, - "დანინგ-კრუგერის კლუბის პირველი წესია, რომ არ იცი, ხარ თუ არა დანინგ-კრუგერის კლუბის წევრი".

ნაკლები შანსია, მკაცრად განგსაჯონ, როცა აღიარებ, რომ შეცდი

ფოტო: Javier Zarracina / Vox

2012 წელს ფიქოლოგმა უილ ჯერვისმა დისციპლინათაშორისი სამეცნიერო ჟურნალებიდან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემაში, Science-ში აკადემიურ სტატიას უთანაავტორა. სტატიაში განხილული კვლევის შიგნით განხორციელებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის მეშვეობით მეცნიერები ნახულობდნენ, თუ შეუსუსტდებოდათ ადამიანებს საკუთარი რელიგიური მრწამსის საჯაროდ გაცხადების სურვილი მას შემდეგ, რაც მათ რაციონალური აზროვნებისკენ უბიძგებდნენ. ამისათვის ისინი მოხალისეებს როდენის მოაზროვნის ან სხვა ქანდაკების სურათს ანახებდნენ. მკვლევართა აზრით, მოაზროვნე ადამიანებს უფრო ღრმად ჩაფიქრებისა და ანალიტიკური აზროვნებისაკენ უბიძგებდა. ჰიპოთეზის თანახმად, აზროვნების ამგვარ რაციონალურ ჩარჩოში მოქცევის მერე ექსპერიმენტის მონაწილეებისგან ნაკლებად მოსალოდნელი იქნებოდა ისეთი შეგრძნებებზე დაფუძნებული და თვალით უხილავი ფენომენისადმი რწმენის აღიარება, როგორიც რელიგიაა. და მართლაც, ჰიპოთეზა გამართლდა, რამაც მეცნიერების სფეროში მომუშავე ჟურნალისტებზე სატყუარასავით იმოქმედა: იმ გარემოებამ, რომ ერთ პატარა ხრიკს აზროვნების ფორმის შეცვლა შეეძლო, მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

მაგრამ ეს ერთობ მცირემასშტაბიანი კვლევა იყო; ზუსტად იმ ტიპის, რომელიც მცდარ დადებით შედეგებს იძლევა ხოლმე. რამდენიმე წლის შემდეგ სხვა ლაბორატორიამ ამჯერად გაცილებით მეტი მონაწილის ჩართვით გაიმეორა ექსპერიმენტი და თავდაპირველად დაფიქსირებული ეფექტის აღმოჩენა ვერ შეძლო.

და მართალია, ჯერვისმა იცოდა, რომ პირველადი კვლევა მეთოდოლოგიურად გაუმართავი იყო, ის მაინც ვერაფრით იცილებდა დისკომფორტს.

"რაციონალურად ვიცოდი, რომ პირველადი მასალა არ იყო შესაფერისად ძლიერი", - ამბობს ის, - "მაგრამ ეს ძალიან განსხვავდება ადამიანის პირადი, ემოციური რეაქციისაგან. თავში სულ ეს აზრი მიტრიალებდა: 'ჯანდაბა, ყველა გაიგებს, რომ ჩემი ნაშრომი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადია და მედიისგან ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა, სინამდვილეში არაზუსტი იყო'. ამ დროს ისეთ საკითხებზე იწყებ დარდს, როგორიცაა 'ეს კარიერული წინსვლის შეფერხებად ხომ არ დამიჯდება? ნიშნავს ეს იმას, რომ ხალხი ჩემს სხვა ნაშრომებსაც აღარ ენდობა?'"

კითხვაზე, "როგორ უნდა მივხვდე, რომ ვცდები?" პასუხის გაცემა ძალზედ რთულია.

ჯერვისის ამბავი ყველასათვის ახლობელია: ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ საკუთარი შეცდომების აღიარებით უფრო ნაკლებად კომპეტენტურები და სანდოები გამოვჩნდებით. მაშინაც კი, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ შევცდით, - რაც, როგორც ვნახეთ, თავისთავად მარტივი გასაკეთებელი სულაც არაა, - ჩვენ ამის სახალხოდ აღიარებას ვერიდებით.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს სრულიად დაუსაბუთებელი შიშია. სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარმა ტეხასის ელ პასოს უნივერსიტეტში, ადამ ფეტერმანმა რამდენიმე კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ შეცდომების აღიარებას იშვიათად თუ მოჰყვება ხოლმე მკაცრი განსჯა. "ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ცდება, გარშემომყოფების თვალში მეტად სოციალური და მეგობრული ჩანს", - ამბობს ის. მის თითქმის არც ერთ კვლევაში არ დაფიქსირებულა იმის გამამტკიცებელი შედეგი, რომ "საკუთარი შეცდომების აღიარების შემდეგ ხალხი ნაკლებად კომპეტენტურად აღგიქვამს".

რა თქმა უნდა, შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაშვებული შეცდომების აღიარების გამო დაგცინებენ. ინტერნეტ-ტროლების ფენომენი სწორედ მსგავსი დამოკიდებულების არსებობის ილუსტრაციაა. შესაბამისად, ზოგჯერ თავმდაბლობა დამამცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა თუ გვინდა, რომ ინტელექტუალურად ნაკლებად ქედმაღლები და მეტად თავმდაბლები ვიყოთ, ამ შიშის გადალახვა უნდა შევძლოთ.

თავმდაბლობა არ არის მარტივი გამოსავლენი - ჩვენ გვჭირდება ისეთი გარემო, სადაც მისი განვითარების შესაძლებლობა მოგვეცემა

ფოტო: Javier Zarracina / Vox

თუმცა მაშინაც კი, როცა გამიზნულად ვცდილობთ, რომ ინტელექტუალურად უფრო თავმდაბლები ვიყოთ, ჩვენი კულტურა ამისათვის ყოველთვის არ გვაჯილდოვებს.

ზოგადად, ფსიქოლოგიის სფერო რეპლიკაციის კრიზისს განიცდის, რაც იმის გააზრებას ნიშნავს, რომ მრავალი კლასიკური მეცნიერული მიგნება არასანდო მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა. ისეთი საოცრად გავლენიანი სახელმძღვანელო აღმოჩენები, როგორებიცაა ნებისყოფის თეორიის შიგნით ეგოს გაღარიბების კონცეფცია ან ზეფირის ტესტი, სულ უფრო საეჭვონი ხდებიან.

საოცარი სანახავია, თუ როგორ უმკლავდება ფსიქოლოგიის სფერო ამ გამოწვევებს. ბევრი მკვლევრისათვის აღნიშნული ტენდენცია პირადი კომფორტის ხელყოფასთან ასოცირდება. "მე ერთობ მძიმე მდგომარეობაში ვარ", - წერდა ტორონტოს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მკვლევარი, მაიკლ ინცლიხტი, თავის 2016 წლის ბლოგ-პოსტში მას შემდეგ, რაც ეგოს გაღარიბების თეორიის ნგრევის შემსწრე გახდა, - "ნუთუ, ამდენი წელი მოჩვენებების დევნაში გავლიე?"

რეპლიკაციის კრიზისზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინტელექტუალური თავმდაბლობა კოლეგებისა და ინსტიტუციებისგან ღია მხარდაჭერას საჭიროებს. და მსგავსი გარემოს შექმნა კი დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

"ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით, რომ მეცნიერებს საკუთარი მცდარობის დამტკიცება სურთ", - წერს საიმინ ვეზაირი, ფსიქოლოგი და ჟურნალის რედაქტორი, რომელიც რეპლიკაციის საკითხებზე ხშირად საუბრობს, - "მაგრამ კითხვაზე, 'როგორ უნდა მივხვდე, რომ ვცდები?' პასუხის გაცემა ძალზედ რთულია. ეს ისეთ პროცესებს მოიცავს, რომლის დროსაც კრიტიკოსები გიყვირიან, რომ შენ ყველაფერი არასწორად გააკეთე და შენი მონაცემები აუცილებლად უნდა გადაამოწმო".

პირადი და ეგზისტენციალური კითხვა, რომლის წინაშეც თითოეული გონიერი ადამიანი დგას, არის ის, თუ როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მიმღებლობა განსხვავებული აზრისადმი და, ამავდროულად, არ დავკარგოთ ჩვენი მყარი მორალური რწმენები.

ეს კი სახალისო სულაც არაა. მეცნიერების, ანუ იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ყველაფრისთვის ეჭვის თვალით ყურება, ინტელექტუალური თავმდაბლობის მიღწევა რთული საქმეა. მაშინაც კი, როცა საპირისპირო მტკიცებულებები იჩენენ თავს, ზოგი მკვლევარი უარს აცხადებს, გადახედოს თავისი დასკვნის სისწორეს (ერთ-ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა გაბრაზებით თქვა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი დასკვნის ერთგული დარჩებოდა, იმის მიუხედავად, თუ რას იტყოდნენ სხვები). ფსიქოლოგებიც ადამიანები არიან. როდესაც ისინი დასკვნამდე მიდიან, რთული ხდება საკუთარი ნაშრომისთვის გაუცხოებული თვალით შეხედვა. ამასთან, წარმატებული კარიერის აშენების სურვილი მეცნიერებს რაც შეიძლება მეტი დადებითი შედეგის მქონე კვლევის გამოქვეყნებისკენ უბიძგებს.

იმისათვის, რომ ფსიქოლოგიის სფერო უფრო მოკრძალებული გახდეს, ორი მთავარი გამოსავალი არსებობს.

პირველი - თავმდამბლობა მეცნიერული პრაქტიკის სტანდარტის აუცილებელი ნაწილი უნდა გახდეს. ამისათვის კი პროცესის გამჭვირვალობაა საჭირო. უკვე წესადაა ქცეული, რომ მეცნიერები გარკვეული კვლევის მონახაზს მასზე უშუალო მუშაობის დაწყებამდე არეგისტრირებენ. სწორედ ამიტომ მათთვის რთულია, თავდაპირველი გეგმიდან გადაუხვიონ და შედეგები ობიექტურად გააანალიზონ. გამჭვირვალობა ასევე იმისთვისაა საჭირო, რომ მონაცემები ღია და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ხელახალი ანალიზის ჩატარების სურვილი გაუჩნდება.

ამ პროცესის მეშვეობით, "სამეცნიერო საწარმოს სტრუქტურაში ნელ-ნელა ხდება თავმდაბლობის ჩაშენება", - ამბობს ჩაბრისი, - "როცა საქმე ჩვენს სამსახურს ეხება, არც ერთი ჩვენგანი არაა ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და იდეალური. სწორედ ამიტომ ვავრცელებთ ჩვენ მიერ მოპოვებულ მონაცემებს, რათა სხვებმაც შეძლონ ამ ყველაფრის გადამოწმება, გაუმჯობესება, ახალი იდეების წამოყენება და ასე შემდეგ". ინტელექტუალური თავმდაბლობის გამოსამუშავებლად გვჭირდება, ჩვენი ცოდნა უფრო გამჭირვალე გავხადოთ. აუცილებელია, რომ სხვებს დავანახოთ, თუ რა ვიცით და რა არ ვიცით.

და მეორე - ჩვენს კულტურაში წარუმატებლობის აღიარებისა და ზეიმის პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს. ეს მოიცავს უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავიანთ შეცდომებს აღიარებენ. სწორედ მსგავსი პრაქტიკის მაგალითია თავდაჯერებულობის დაკარგვის პროექტი.

მაგრამ ცხადია, რომ მსგავსი კულტურული გარდატეხა მარტივად არ მოხდება.

"საბოლოოდ", - ამბობს როჰრერი პროექტზე მრავალი დადებითი უკუკავშირის მიღების შემდეგ, - "ჩვენ თითებზე ჩამოსათვლელი შეცდომის აღიარება მოვაგროვეთ".

აუცილებელია თავდაჯერებულობისა და თავმდაბლობის დაბალანსება

ინტელექტუალური თავმდაბალობისთვის საჭირო მსოფლმხედველობა გარკვეული საფასურის ხარჯზე მიიღწევა. ეს ფასი კი, მინიმუმ, შფოთვით გადაიხდება.

როდესაც საკუთარი ცოდნის სიმწირის უსასრულობას უსწორებ თვალს, ძალიან რთულია მოულოდნელად თავსდამტყდარი პანიკისგან თავის დაღწევა. მე ხომ მხოლოდ ერთი მცირე გონების პატრონი ვარ; ეს არის პატარა და ძირგახვრეტილი ნავი, რომელიც ცოდნის მოსაპოვებლად პობს ტალღებს ვრცელ და მორევებით სავსე ზღვაში, რომლისთვისაც გარჩევადი რუკაც კი არ გამაჩნია.

რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ზღვასთან შებრძოლებას არასოდეს ცდილობს? ასეთი ადამიანები ყოველთვის ნაპირზე დგანან და თვალებმოჭუტულნი ამ ვრცელ წყლებს თავიანთ გონებაში საცოდავ გუბედ აქცევენ, შემდეგ კი თავიანთი უსაფუძვლო თავდაჯერებისთვის ჯილდოვდებიან. "არ ვიცი, რამდენად შემიძლია გითხრათ, რომ თავმდაბლობა ბევრად შორს წაგიყვანთ, ვიდრე - ქედმაღლობა", - ამბობს ტენილ პორტერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, რომელიც ინტელექტუალურ თავმდაბლობას იკვლევს.

რა თქმა უნდა, თავმდაბლობის უკიდურესი ფორმის ერთგულებაც არ მოგიტანთ არაფერს კარგს. არაა საჭირო იმის რწმენაც ეჭვის ქვეშ დააყენოთ, რომ დედამიწა მრგვალია. აქ მთავარი ზომიერების დაცვაა.

"ძალიან საზიანოა, მსგავს პრობლემებს ისე მივუდგეთ, თითქოს რუბიკის კუბს ვაწყობდეთ: ეს უკანასკნელი ისეთი პაზლია, რომლის ამოხსნაც ზედმიწევნით გაწერილი წესების მიხედვითაა შესაძლებელი", - ამბობს კონექტიკუტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, მაიკლ ლინჩი, - "სანაცვლოდ, ეს ისეთი პრობლემაა, რომლის მხოლოდ ეტაპობრივი მოგვარებაა შესაძლებელი, რათა სიტუაცია უკეთესობისაკენ შეცვალო. ამის გაკეთება კი შეგვიძლია - ნამდვილად შეგვიძლია".

ლინჩის მტკიცებით, დემოკრატიის აყვავებისათვის ჩვენს უდრეკ რწმენებსა და თავმდაბლობას შორის ბალანსის დაცვაა საჭირო. ჩვენ გარკვეული პრინციპების ქონას ვსაჭიროებთ, რადგან "აპათიური ამომრჩევლის ყოლა ამომრჩევლის არყოლას უდრის", - ამბობს ის. და ჩვენ გვჭირდება თავმდაბლობა, რათა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა. ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში უნდა იმყოფებოდეს.

"პირადი და ეგზისტენციალური კითხვა, რომლის წინაშეც თითოეული გონიერი ადამიანი დგას, არის ის, თუ როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მიმღებლობა განსხვავებული აზრისადმი და, ამავდროულად, არ დავკარგოთ ჩვენი მყარი მორალური რწმენები", - ამბობს ლინჩი, - "ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა".

იყო ინტელექტუალურად თავმდაბალი, არ გულისხმობს, უარყო ის იდეები, რისიც მთელი გულით გვჯერა. ეს, უბრალოდ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებების არჩევისას მეტად გულისხმიერები უნდა ვიყოთ, არ უნდა შეგვეშინდეს მათში ცვლილებების შეტანის და არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, თუ რატომ გვჯერა იმის, რისიც გვჯერა. და კვლავ - ეს მარტივი გასაკეთებელი სულაც არაა.

თქვენ ახლა, შეიძლება, ფიქრობდეთ: „რა გარანტიაა, რომ ამ სტატიაში დამოწმებული კვლევები იმის შესახებ, რომ ინტელექტუალური თავმდაბლობა ცრურწმენებისგან დაცლილი აზროვნების გამუშავებასთანაა კავშირში, სინამდვილეში, მცდარი არაა? ამაზე საპასუხოდ გეტყვით, რომ არც ერთი კვლევა არ არის იდეალური. ეს კვლევები აგებულია პირად დაკვირვებებზე და რთულია დაიჯერო, რომ ადამიანები საკუთარ თავებს ზედმიწევნით იცნობენ ან რომ გულწრფელები არიან. და, ამასთან, ისიც ვიცით, რომ სოციალური მეცნიერების შიგნით წარმოებული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანი დოზით სუბიექტურია ხოლმე.

თუმცა იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ინტელექტუალური თავმდაბლობა სიქველეა. ესაა ჩემი რწმენა. შეიძლება, რომ ვცდებოდე? შესაძლოა. მაგრამ სანამ საპირისპიროს არ დამიმტკიცებთ, აზრს არ შევიცვლი.