შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1999 წელს დაბადებული პირი თბილისში, სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში იგი მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და აიძულა, სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების მტკიცებით, იმავე პირმა, იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.