იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა იმართება, რომლის მთავარი განსახილველია საკითხია უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის, მამუკა ახვლედიანისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხმები ისმის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, არსებობს კანონი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ და შესაბამისად, ამ კანონის დარღვევა მძიმე ფაქტია:

"ჩანაწერით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე, მამუკა ახვლედიანი თავისი ინიციატივით ხვდება საქმეზე მონაწილე ერთ-ერთ მხარეს და პიროვნებას, რომელიც არის არა მარტო ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი, არამედ სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლება-მოსილებით და თვითონ იღებს მონაწილეობას პროცესებში".

მისი განმარტებით, იუსტიციის საბჭოს საჭიროდ მიაჩნია, აღნიშნულთან დაკავშირებით სხდომა გამართოს, რადგან ზემოაღნიშნული აუდიოჩანაწერის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს:

"პრეცედენტულია იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხის გაანალიზებით მიიღოს განცხადება ან მიმართვა, ან კონკრეტულად გამოხატოს თავისი შეხედულება იმისთვის, რომ სხვა მოსამართლეებისთვის, რომელიც დღეს სისტემაში მუშაობენ იყოს იმის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე".

3 ოქტომბერს ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის, მამუკა ახვლედიანის დიალოგი ისმის. ამავე დღეს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი თავად გააკეთა, თუმცა ქსელში ის სხვამ გაავრცელა.