მოქალაქეები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარედან ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოსთვის კატასტროფის ჯგუფს ითხოვენ. პეტიცია Manipest.ge-ზე გავრცელდა.

პეტიციის ავტორის ცნობით, კატასტროფის ჯგუფის არყოლის გამო პრობლემები ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.

"ამბროლაურის და ონის საავადმყოფოებს არ აქვს მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილება, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ. ბოლო შემთხვევამ ნათლად დაგვანახა რომ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა ისედაც მძიმე მდგომარეობა, საქმე ეხება 16 წლის მოზარდს, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია", — წერია პეტიციის ტექსტში.

აქვე ვკითხულობთ, რომ უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ჯგუფი, კვალიფიციური კადრებით და მოწესრიგებული ავტომობილით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.

"ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ჯგუფები, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას", — ნათქვამია პეტიციაში.