რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ On.ge-ს განუცხადა, რომ გრიგორი კარასინის შესაძლოს შემცვლელის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან ამ დრომდე არ მიუღიათ. ამ მიზეზით, ზურაბ აბაშიძე კარასინის სავარაუდო შემცვლელების შესახებ არ საუბრობს.

"ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა და ჩვენც მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ. კერძოდ, ბატონი კარასინის პოზიციის შესაძლო შემცვლელის ვინაობის თაობაზე. ჩვენ საგარეო უწყებიდან, ოფიციალური წყაროს მეშვეობით ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. როგორც კი იქნება ასეთი ოფიციალური ინფორმაცია, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებას", — განაცხადა ზურა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა კომერსანტი ავრცელებს.

23 აგვისტოს გრიგორი კარასინი 70 წლის ხდება. კანონის მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნა მას, სწორედ, ამ ასაკამდე შეუძლია. მან დიპლომატიური კარიერა 1972 წლიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კარასინის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება. მთავარი კანდიდატი სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია. 60 წლის დიპლომატი 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

ვოლინკინი სსრკ-სა და რუსეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლობაში მუშაობდა იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა, მონტენეგროსა, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში სერგეი ლავროვის თანაშემწედ მუშაობდა. 2013-დან 2017 წლამდე სომხეთში რუსეთის ელჩი იყო. 2017 წელს კი ღირსების ორდენი მიიღო.