სვანეთში, მდინარე ხალდესჭალაზე ორგანიზაციამ ტრანსკავკასიური ბილიკი ხიდი ააშენა, რომელიც მეორე დღეს აღარ დახვდათ. ადგილზე ნახერხი იყო დარჩენილი, კონსტრუქცია კი მდინარეში ეგდო. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ხიდი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მოჭრა.

ფოტო: სოფო ბაგაური

ფოტო: სოფო ბაგაური

"ახლომდებარე მოლაშქრეების ბანაკში ღამით ხერხის ხმა გაიგეს, იქვე ქოხებია აშენებული და ეგონათ, რომ ხმა, სწორედ, იმ ადგილიდან მოდიოდა, შემდეგ ხიდი ნახეს და მიხვდნენ, რომ ვიღაც ხიდს აზიანებდა", — უთხრა On.ge-ს ტრანსკავკასიური ბილიკის პროექტის მენეჯერმა, სოფო ბაგაურმა.

ორგანიზაცია ტრანსკავკასიური ბილიკი გრძელმანძილიანი სალაშქრო მარშრუტების მოწყობაზე მუშაობს. მათი მიზანია, სალაშქრო ბილიკები ერთმანეთთან ისე დააკავშირონ, რომ მოლაშქრეებმა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე კავკასიონით ჩასვლა ერთი გავლით შეძლონ.

"იმ მონაკვეთებს, სადაც ბილიკი ან მდინარეზე ხიდი არ არის, ვამაგრებთ და სტანდარტში ვსვამთ. სვანეთიდან დავიწყეთ და დღეს უკვე ჭუბერიდან ზესხომდე ჩასვლაა შესაძლებელი. ხალდე იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც არ გვიმუშავია. ამ ლოკაციაზე ერთ-ერთი პრობლემა იყო ხიდი, ძველი და დამპალი. ჩვენი მიზანი იყო, რომ მდინარეზე გადასვლა უსაფრთხო გაგვეხადა", — ამბობს სოფო ბაგაური.

ხალდე ზემო სვანეთში, ადიშსა და უშგულს შორის მდებარეობს. ხიდი, რომელსაც ორგანიზაცია სამი კვირის განმავლობაში აშენებდა, ადიშს უშგულთან კარეტას უღელტეხილის გავლით დააკავშირებდა.

ფოტო: სოფო ბაგაური

ფოტო: სოფო ბაგაური

ფოტო: გიორგი ჯმუხაძე

ფოტო: სოფო ბაგაური

სოფო ბაგაურის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი იმ სამუშაოების მიმართ, რომლის მიზანიც რეგიონში ტურისტების მოზიდვაა. მისივე განმარტებით, ხიდის აშენებამდე ადგილობრივებს გაესაუბრნენ და "არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს".

"ვიყიდეთ გამზადებული მასალა, იქვე მდებარე სოფელში. დაქირავებული გვყავდა ამერიკაში პრაქტიკაგავლილი და სტანდარტების მცოდნე ტექნიკური ხელმძღვანელები. მათი და მოხალისეების დახმარებით ხალდედან დანიშნულების ადგილამდე ხელით ავიტანეთ სამშენებლო მასალა, იარაღები და ბანაკები", — თქვა სოფო ბაგაურმა.

ფოტო: გიორგი ჯმუხაძე

ის ამბობს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა პოლიციაში წასვლა ურჩიეს, თუმცა არ აპირებენ: "ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს სოფელში და ჩვენს რესურსსაც წაიღებს. სვანეთში ვრჩებით და ვაგრძელებთ მუშაობას".