თვის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის თანამგზავრების დაცვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ახლა კი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ქვეყანას ლაზერებითა და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ნანოთანამგზავრები უნდა ჰქონდეს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტიდან კოსმოსური ძალებისთვის 700 მილიონი ევრო გამოიყოფა. 2025 წლამდე კი ქვეყანა ამ სფეროში 4,3 მილიარდ ევროს დახარჯავს. ეს თანხა სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრების განახლებას მოხმარდება. ამჟამად ქვეყანას ორბიტაზე სამი საკომუნიკაციო თანამგზავრი ჰყავს. საფრანგეთს ახალი თაობის სამხედრო თანამგზავრებზე კამერების განთავსება სურს, მის შემდეგ თაობაზე კი, ტყვიამფრქვევებისა და ლაზერების.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ ასევე სურთ ორბიტაზე ნანოთანამგზავრების გაშვებაც, მათი მიზანი სტრატეგიული ობიექტების დაცვა იქნება.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო თანამგზავრების ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვა იქნება.