ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს კომერციული პრობლემები ბევრად დიდი ხნის წინ ჰქონდა, ვიდრე ამ პროექტის გარშემო პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბებოდა. მისივე თქმით, მხოლოდ სიტყვიერად ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, მაგრამ რას ნიშნავს "სტრატეგიული მნიშვნელობის" არავინ აზუსტებს.

როგორც მან გადაცემა პირველებში განმარტა, პროექტის განხორციელებისთვის 600 მილიონი დოლარია საჭიროა, საიდანაც 100 მილიონი ინვესტიციების სახით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა მოეპოვებინა და შეექმნა კაპიტალი, 400 მილიონი კრედიტის სახით უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო 100 მილიონს გამოყოფდა სახელმწიფო.

ქობულია ამბობს, რომ კონსორციუმმა ინვესტორები ვერ მოიზიდა, რადგან პროექტის განხორციელებისა და მისი შემოსავლიანობის მიმართ არსებობს კითხვები. ამასთანავე, საფინანსო ინსტიტუტებმა სესხის გაცემისთვის სახელმწიფო გარანტიები მოითხოვეს, რომ თანხის ვერდაბრუნების შემთხვევაში 400 მილიონს მთავრობა დააბრუნებდა. ქობულიას თქმით, ეს პროექტს სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის.

"მთავრობას უნდა ჰქონდეს იმის შნო, რომ დაჯდეს კონსორციუმთან, დაჯდეს ბანკებთან და გახსნილად აწარმოოს საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემებია და როგორ შეიძლება გადაწყდეს. თუ ვერ წყდება, მაშინ უნდა მოხდეს რესტრუქტურიზაცია, იმის მაგივრად, რომ გავაჭიანუროთ და ზედმეტად პოლიტიკური ელფერი მივანიჭოთ", — განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, როდესაც ეკონომიკის მინისტრი გახდა პროექტის კომერციული ანალიზი მოითხოვა, რომელიც ვერც კონსორციუმმა მიაწოდა და ვერც მთავრობაში იპოვა.

თიბისის საქმე და ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.