ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, თიბისი ბანკის საქმეში მან ფულის გათეთრება ვერ დაინახა. როგორც მან გადაცემა პირველებში განაცხადა, საზოგადოებამ ვერ გაიგო რაში ედებათ ბრალი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ქობულია აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად დატვირთული საქმე, რომელიც პროკურატურამ საზოგადოებას უნდა აუხსნას.

"თუ რამეში ედებათ ბრალი, რა კავშირშია ეს ფულის გათეთრებასთან. ფულის გათეთრება ეს არის, ზოგადად, როდესაც ადამიანი იღებს რამე შემოსავალს არალეგალურად და მის ლეგალიზაციას ახორციელებს. მე ეს ელემენტი პოპულარულად ვერ დავინახე, არ ვარ იურისტი და შეიძლება ვცდები", — განაცხადა ქობულიამ.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.

თიბისი გრუპის 97%-მა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ და მოადგილედ.

28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს და მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

ამის შემდეგ პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენა. 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. სასამართლო თითოეულ მათგანს 700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა.

მილიონ-მილიონ ლარის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ