რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების 600 ათასი ევროთი დაფინანსებაზე, ჯერჯერობით, არც ერთ ავიაკომპანიას არ მიუმართავს. ამის შესახებ On.ge-ს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს.

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს დაასუბსიდირებს. ამისთვის მთავრობამ 600 ათასამდე ევრო გამოყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა. დადგენილება ძალაში 24 ივლისს შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში ფრენების უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას. ამ დროისთვის, რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ ჯორჯიან ეარვეისი ასრულებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა, ხოლო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეკრძალება. ორივე შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდა.