25 ივლისს SpaceX-მა კომპანიის ახალი თაობის რაკეტის საცდელი ფრენა განახორციელა, რა დროსაც ხომალდი მიწის ზემოთ რამდენიმე წამით აფრინდა, შემდეგ კი უკან დაეშვა. ეს ახალი ხომალდისა და ძრავის პირველი რეალური გამოცდა იყო.

გამოსაცდელი ხომალდი SpaceX-ის სამომავლო რაკეტის, Starship-ის პროტოტიპია. Starship კომპანიის ყველაზე ამბიციური პროექტია, ეს არის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა, რომელსაც ადამიანებისა და ტვირთის გაგზავნა მთვარეზე, მარსზე და პოტენციურად უფრო დიდ მანძილებზეც შეეძლება.

Starship, ისევე როგორც Falcon 9, ვერტიკალურად დაეშვება.

Starship-ს კოსმოსში გასვლამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. ამჟამად SpaceX ახალი ხომალდის დიზაინის დამტკიცებასა და ახალი ძრავის გამოცდაზე მუშაობს. საცდელი ფრენა ჯამში სულ რაღაც 15 წამი გაგრძელდა.

SpaceX ამჟამად კიდევ ორ პროტოტიპს ქმნის, რომლებსაც ფრენა ბევრად უფრო მაღალ სიმაღლეზე შეეძლებათ. ეს ხომალდები ერთის ნაცვლად სამი Raptor ტიპის ძრავებით იქნებიან აღჭურვილი. მასკი იმედოვნებს, რომ ახალი პროტოტიპები აფრენას 20 კილომეტრის სიმაღლეზე შეძლებენ.

მასკმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ Starship, ამაჩქარებელ Super Heavy-სთან ერთად მთვარეზე უეკიპაჟო მისიის შესრულებას მომდევნო ორ წელიწადში შეძლებს. მისი თქმით, ოთხ წელიწადში იმავე სისტემით მთვარეზე ადამიანების გაგზავნაც შესაძლებელი იქნება. ეს კი ძალიან ამბიციური გეგმაა. საბოლოო Starship-ს სულ ექვსი ძრავა ექნება, სამი მათგანი ატმოსფეროს სქელი ფენებისთვის იქნება ოპტიმიზირებული, დანარჩენ სამს კი მუშაობა ვაკუუმში შეეძლება. Starship ხმელეთიდან ახალი ამაჩქარებლის, Super Heavy-ს საშუალებით აფრინდება, რომელიც კომპანიას ჯერ არც შეუქმნია.

მასკი უახლოეს მომავალში Starship-ის შესახებ უფრო დეტალური პრეზენტაციის გამართვას გეგმავს.