რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ახალ დირექტორს პაატა სალიას შეხვდნენ და უახლოეს დღეებში რუსთავი 2-ის მფლობელ ქიბარ ხალვაშსაც შეხვდებიან.

დავით დვალის თქმით, ამ შეხვედრით პირველი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა არ იცის, ძალაში რჩება თუ არა ქიბარ ხალვაშის დაპირება მათი გენერალურ დირექტორებად დანიშვნის შესახებ.

"პირველი ნაბიჯი გადაიდგა და გუშინ საღამოს შევხვდით პაატა სალიას, ქიბარი არ დაგვიპატიჟებია, გაცნობითი შეხვედრა იყო, ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ რამდენიმე დღეში შევხვდებით ქიბარ ხალვაშს. ეს იყო შემზადება მომავალი შეხვედრისთვის", — განაცხადა დავით დვალმა.

ის თავს იკავებს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისგან, თუმცა ამბობს, რომ საკუთარი წითელი ხაზები აქვს.

"ალბათ, უკვე თავს შევიკავებ ქიბარ ხალვაშის დაპირებაზე საუბრისგან იქამდე, სანამ არ შევხვდები ხალვაშს, რომ რაიმე კომენტარი გავაკეთო. ვნახოთ, შევხვდები და მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მე მაქვს რაღაც წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება, პრინციპულია, რომ რუსთავი 2 დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე ამ შეთავაზებას ვერ მივიღებ. ვხედავთ ხიფათებს, თუმცა ლაპარაკის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რა და როგორ", — განაცხადა დავით დვალმა.

საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი რუსთავი 2-ის საკუთრების დავასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში ხვდებიან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების გეგმას ახორციელებს და კრიტიკული მედიის დახურვა სურთ. ისინი ახალი გენერალური დირექტორისგან და მფლობელისგან არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. აღნიშნულს, ქიბარ ხალვაში არ დაეთახმა და "ახირება" უწოდა.