ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარტიის იმ ცნობილ დახურულ შეხვედრაზე, რომელზეც დეპუტატების მტკიცებით იუნისეფის კვლევა განიხილეს, მამუკა ხაზარაძეც და ანაკლიის პორტიც ახსენეს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ თოქ-შოუ რეაქციაში განაცხადა.

"მე ახლა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული სხდომის მაგრამ ის, რომ კრიტიკული და უარყოფითი განწყობა გამოჩნდა, ამ პროექტისა და მათ შორის, ამ პროექტის სათავეში მყოფი მამუკა ხაზარაძის მიმართ, არა მარტო იმ შეხვედრაზე გამოჩნდა, არამედ შემდგომში საჯაროდაც", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ანაკლიის საკითხი ნეგატიურად ახსენეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე ქართული ოცნების ოფისში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხელძღვანელობდა. ამ შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მაშინ ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე სიღარიბის შესახებ იუნისეფის გამოქვეყნებულ კვლევაზე იმსჯელეს.