საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს მოუწოდებს დაიცვან გამოხატვის თავისუფლება და სარედაქციო პოლიტიკა. მისი თქმით, საზოგადოებას უნახავს "ტელედაპატიმრებების თემა, რომელიც უკვე კომიკურია და აღარავის ეშინია".

"რუსთავი 2 არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მედია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიდის ყველაფერი. ჩვენ უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, ფაქტობრივად, იდეოლოგიური პოზიცია გაგვაჩნია, რომ რუსთავი 2 არის მიუღებელი მედია, უნდა იყოს დახურული და რომ არ იყოს რუსთავი 2, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველა ლარის გადამცვლელ ჯიხურს რუსთავი 2 ფლობს? ალბათ გვარამია წერს ამ რიცხვებს", — განაცხადა მარგველაშვილმა ტოკ-შოუ რეაქციაში.

მისივე თქმით, დღეს სახელისუფლებო შტოებიდან მხოლოდ ჟურნალისტები აკონტროლებენ მმართველი ძალის ქმედებებს. დანარჩენი სტრუქტურები კი "კომფორტულად არიან და მამაოჩვენოსავით იმეორებენ ერთსა და იმავეს".

"რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, ეს მათი ვალია. ისინი გარდა ჟურნალისტებისა, არიან მოქალაქეები, აღმოჩენილები კრიტიკულ ადგილას და მათ უნდა დაიცვან საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობა", — განაცხადა მარგველაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების გეგმას ახორციელებს და კრიტიკული მედიის დახურვა სურთ. ისინი ახალი გენერალური დირექტორისგან და მფლობელისგან არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. აღნიშნულს, ქიბარ ხალვაში არ დაეთახმა და "ახირება" უწოდა.