საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა.

"მიზანშეუწონლობის" მოტივით ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე გვქონდა, სარალიძის შემთხვევაში, როცა კარვების დადგმა დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწია. მაშინ ამ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც გამოეხმაურა და იმედია, ახლაც მოვისმენთ დროულ გამოხმაურებას", — აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უბიძგებს მაჩალიკაშვილსა და საზოგადოების ნაწილს უფლებების დასაცავად კიდევ ერთი "ძიძგილაობა" გამართონ პოლიციასთან.

"რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია", — წერს მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, თუ შეკრების მონაწილე კარვის დადგმით გადაწყვეტს პროტესტის გამოხატვას, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მას ეკრძალება კარვის განთავსება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას. მისივე შეფასებით, შემთხვევა, როცა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს (მერს) შეუძლია შეზღუდოს შეკრების ჩატარება, დეტალურადაა მოცემული კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ:

კერძოდ: თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად,

  1. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას;
  2. მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველზე კარვის გაშლა სურს, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევს. სამართალდამცავები ამბობენ, რომ ქალაქის მერია მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების აყრას და რეაბილიტაციას გეგმავს და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის.

მაჩალიკაშვილის თქმით, მზად არის რეაბილიტაციის დაწყებისას კარავი დროებით აიღოს იმ შემთხვევაში, თუ ახლა დაადგმევინებენ. ის განმარტავს, რომ 11 თვეა საპროტესტო აქციას მართავს და არა აქვს იმის საშუალება, რომ პანკისიდან იაროს რუსთაველზე.

2018 წლის 10 ნოემბერს შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს საქართველოს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. კარვები რუსთაველის გამზირზე მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაშალეს. ისინი აღნიშნავენ, რომ კარვის გაშლა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.