YouTube-ზე რუსი რეჟისორის, ალექსეი მურადოვის გადაღებული სერიალის, ჩერნობილის რუსული ვერსიის ტრეილერი გამოქვეყნდა. სერიალი 12 ეპიზოდისგან შედგება. მისი გადაღება 2014 წელს დაიწყო და რუსულ ტელეარხ NTV-ზე 2019 წელს უნდა გავიდეს. რუსული სერიალი ბელარუსის რამდენიმე ქალაქში გადაიღეს.

სერიალისთვის კულტურის სამინისტრომ თანხა 2014 წელს გამოყო. ის ჯერ კიდევ 2016 წლისთვის უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ვადებმა 2019-სთვის გადაიწია. შეფერხება კი ინვესტორების მოძიებით ახსნეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჩერნობილის რუსული ვერსია ამერიკული კომპანია HBO-ს ამავე სახელწოდების მინისერიალის შემდეგ გავიდა, რის გამოც სერიალი შედარებებს ვერ გადაურჩება. ტრეილერის მიხედვით, ირკვევა, რომ რუსულ ვერსიაში ნაჩვენებია სცენები მიხეილ გორბაჩოვის, მეხანძრეების, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პირველები ჩავიდნენ ადგილზე. ტრეილერიდან ასევე ჩანს, რომ სერიალში შესულია რეაქტორის სახურავის გრაფიტებისგან გაწმენდის პროცესი.

სერიალში მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება. სიუჟეტი აგებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის ალბერტ ლენცის სამძებრო სამუშაოებზე, მთავარი გმირი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევია. ის შეეცდება, რომ შეაჩეროს უცხოელი ჯაშუში და აღკვეთოს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება.

ეს არ არის პირველი რუსული სერიალი ჩერნობილის ავარიის შესახებ. 2017 წელს გამოვიდა "ჩერნობილი, აფეთქების ზონა". 2019 წლის გაზაფხულზე ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსი რეჟისორები ჩერნობილზე ფილმს იღებენ. პროექტი სახელწოდებით "საფრთხისშემცველი წყალი" ასახავს ჩერნობილის აფეთქებით გამოწვეული შედეგების შემცირების ღონისძიებებს.

უკრაინის ქალაქ პრიპიატში 1986 წლის კატასტროფაზე გადაღებული სერიალი IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუს სტატუსს არ თმობს. მომხმარებლების შეფასებით, მისი რეიტინგი ამ დროისთვის 9,6-ია. სიაში მეექვსეა GOT, რომელსაც 9,3 რეიტინგი აქვს.

1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად გარემოში 400-ჯერ მეტი რადიაცია გაიფანტა, ვიდრე ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებისას. ავარიამ დიდი გავლენა იქონია როგორც ადამიანებზე, ისე ბუნებაზე. დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. გაეროს მონაცემებით, უშუალოდ ავარიის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დასხივების შემდგომ პერიოდში — 4 000 ადამიანი. გაურკვეველია, რადიაციამ პირდაპირ თუ ირიბად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელზეც რადიაციამ განსაკუთრებული გავლენა იქონია, ფიჭვნარის ტყეა, რომელიც მას შემდეგ წითელი ტყის სახელითაა ცნობილი. ამ მონაკვეთმა რადიაციის მაღალი დოზა მიიღო, ხეები გახმა და ფოთლები გაწითლდა. ატომურ კატასტროფას ცხოველების უდიდესი ნაწილი ვერ გადაურჩა.