პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველზე კარვის გაშლა სურს, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევს. სამართალდამცავები ამბობენ, რომ ქალაქის მერია მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების აყრას და რეაბილიტაციას გეგმავს და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის.

მაჩალიკაშვილის თქმით, მზად არის რეაბილიტაციის დაწყებისას კარავი დროებით აიღოს იმ შემთხვევაში, თუ ახლა დაადგმევინებენ. ის განმარტავს, რომ 11 თვეა საპროტესტო აქციას მართავს და არა აქვს იმის საშუალება, რომ პანკისიდან იაროს რუსთაველზე.

"ახლოს რომ ვცხოვრობდე რეგიონში, ჩავალ და ისევ ჩამოვალ. მაგრამ ვეღარ ვახერხებ. ყველა რესურსი ამოიწურა თქვენს ხელში", — უთხრა მან პოლიციას.

მაჩალიკაშვილის კარავი პოლიციამ 20 ივნისს ანტიოკუპაციური აქციის დაშლის დროს აიღო. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ კარავში მისი პირადი ნივთებიც იყო და მათი დაბრუნების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

კარვის გაშლას რუსთაველის გამზირზე პოლიცია შარშანაც ეწინააღმდეგებოდა, რასაც დაპირისპირება მოყვა და ზაზა სარალიძე დააკავეს. შვილმკვდარი მამის დაკავება სამოქალაქო საზოგადოებამ გააპროტესტა. არასამთავრობოებმა რუსთაველზე არაერთი კარავი გაშალეს. ქალაქის მერიას და სამართალდამცავებს მოუწიათ კარვები დაეტოვებინათ. ამ კარვებში სარალიძე და მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ.