არასდროს მთავრდება ენერგია ჩაკეტილ სისტემაში და ახალი ამბები როულინგის ნაწარმოებებზე. პოტერჰედებისთვის სასიხარულო ინფორმაცია იმდენად ხშირად ვრცელდება მსოფლიო პრესას სპეციალური რუბრიკის შექმნა მოუწევს. ამჯერად ფანების გული IMAX Corporation-მა მოიგო.

ოქტომბერში, მსოფლიო მასშტაბით IMAX კინოთეატრებში ჰარი პოტერის კვირეული იწყება. ინფორმაციას Warner Bros-თან შეთანხმების შესახებ IMAX Corporation ავრცელებს. აიმაქსი პოტერჰედებს სრული მზადყოფნისკენ მოუწოდებს:

"აქციო პოტერჰედებო. 13 ოქტომბრიდან შეკრიბეთ თქვენი კოლეგები გრიფინდორიდან (ან სლიზერინიდან, ჩვენ ამისთვის არ გაგაკრიტიკებთ) და ჰოგვორტსის ექსპრესით დაუბრუნდით ჯადოქრობისა და მაგიის სკოლას".

ჰარი პოტერის ფილმების ჩვენება ერთგვარი მოსამზადებელი პროცესია როულინგის წიგნის ეკრანიზაციის, ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი, პრემიერამდე. ფილმების ჩვენება 13 ოქტომბერს დაიწყება, ჯადოსნური ცხოველების პრემიერა კი 18 ნოემბერსაა დაგეგმილი.

"მზად ხართ? ეს თქვენი ოფიციალური წერილია. ყველანი მოწვეული ხართ პრემიერაზე, მაგლებიც კი".

ორგანიზატორების აზრით, ჰარი პოტერის კვირეული მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პოტერჰედებისთვის. მათი განცხადებით ჰარი პოტერის პირველ და მეორე ნაწილში, ფილოსოფიური ქვა და საიდუმლო ოთახი, ციფრულ რემასტერინგია დაგეგმილი იმისთვის, რომ აიმაქსის ეკრანებზე მაღალი ხარისხით წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ ჯადოსნური ცხოველები ჰარი პოტერის პრიქველია. ფილმი ნიუ-იორკის ჯადოქრული სამყაროს ისტორიას გვიამბობს. მოვლენები ჰარი პოტერის დაბადებამდე 70 წლით ადრე ვითარდება. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალი ნიუტ სკამანდერია, რომლის როლიც ედი რედმეინმა მოირგო.

ჯადოსნური ცხოველების ახლახან გამოსული ტრეილერი, ჯადოსნურ სამყაროში კიდევ ერთ საინტერესო მოგზაურობას გვპირდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ქართველი მაყურებელი ჰარი პოტერის კვირეულის მონაწილე გახდეს. მაგრამ ჯადოსნური ცხოველების ხილვას საქართველოს დიდ ეკრანებზე მსოფლიო პრემიერიდან მალევე შეძლებთ.