აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდზე, ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში, მათთვის სასურველ პროგრამებზე უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს 24 ივლისს გააჟღერა.

მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს.

"ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა", — ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ასევე აცხადებს, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, სწავლის გასაგრძელებლად 2019-2020 სასწავლო წელს უნდა დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.