20 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, რომ ყურადღებით მიადევნონ თვალი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ეს საქმე განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანონ.

განცხადების მიხედვით, ქართულ მედიასივრცეში არსებული გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე. მათი აზრით, მოვლენების ამგვარი განვითარება გააუარესებს მედიაგარემოს და შეზღუდავს მედია პლურალიზმს.

"ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია რუსთავი 2 გამოირჩევა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას რუსთავი 2-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.

არხის ახალი მფლობელის განცხადების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი აქვთ, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს. მათი თქმით, ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსთავი 2-ის ახალი მფლობერლი, ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა ჟურნალისტების შეთავაზებას შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭო. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. სამოქალაქო სექტორი მიმართვას შემდეგ ორგანიზაციებს უგზავნის:

  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს;
  • ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს;
  • ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს;
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, ჯოან ბერს;
  • ამნესტი ინტერნეიშენელის გენერალურ მდივანს, კუმი ნაიდუს;
  • ჰიუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიას;
  • ფრიდომ ჰაუსის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორს, მარკ ბერენტს;
  • ევროპის ჟურნალისტების ასოციაციის პრეზიდენტს, ოტმარ ლაჰოდინსკის;
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ლუზ კინკელს;
  • მეცხრამეტე მუხლის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სარა კლარკს;
  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ქეთრინ ქეროლს;
  • ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის ხელმძღვანელს, რიკარდო გუტიერეზს;
  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, მარკუს სპაილმენს;
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს, ენტონი ბილანჯერს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უერთდებიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  2. მედიის განვითარების ფონდი;
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  5. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  6. საზოგადოება და ბანკები;
  7. ლიბერალური აკადემია თბილისი;
  8. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
  9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  10. საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  11. საფარი;
  12. საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  14. ღია საზოგადოების ფონდი;
  15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  16. ცენტრი ემპათია;
  17. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  18. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  19. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
  20. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი.