თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ძალოვანმა მინისტრმა 600 ათასი დოლარი მისცა. ამის შესახებ მან გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

როგორც ოქრუაშვილი ყვება, რომ შევარდნაძის პერიოდის როგორც მაღალი, ისე დაბალი რანგის ჩინოსნები რიგებში იდგნენ, რათა საკუთარი უსაფრთხოებისთვის თანხა მიეცათ:

"[თანხას იხდიდნენ] არა ვარდების რევოლუციისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. მათ არავინ შეხებია და დღესაც მშვენივრად არიან", — განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

მისივე თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის ფინანსების მომძიებელი იყო და გარკვეული სახის ურთიერთობები ჰქონდა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თანხების მოძიებისთვის თანამდებობის გამოყენება არ სჭირდებოდა. გარდა ამისა, მან არ დაასახელა იმ პირთა სახელები, ვისგანაც ფული მიიღო:

"მე ახლა ვარ შესული ძალიან რთულ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილთან. ანალოგიურად ბევრი ადამიანის დარწმუნება მიწევს და მომიწევს, რომ ისინი დავარწმუნო, რომ ამ კამპანიაში ფული ჩადონ. მე რომ ერთი ადამიანის გვარი გითხრათ, აღარავინ დამელაპარაკება ხვალ. წერტილი".