თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა რეაქციაში, ტელეკომპანია მზის წილების გადაფორმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საქმეშიც ბიზნესმენი და რუსთავი 2-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში მონაწილეობდა.

"ტელეკომპანია მზე გაიფორმა ქიბარ ხალვაშმა ისე, რომ მას არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია არც ვანო ჩხარტიშვილთან და არც სხვა მეწილეებთან. ტელეკომპანია მზეში არ გადაუხდია არანაირი თეთრი. ტელეკომპანია მზე დათმო ბადრი პატარკაციშვილმა სიგარეტის ქარხანა პირველისთვის 30 მილიონი ლარის დავალიანების ჩამოწერის სანაცვლოდ. ხალვაში იქაც იყო ნომინალური პირი. ამ მოლაპარაკებებსაც ჩვენ ვაწარმოებდით, ოღონდ ტელეფონით", — განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რატომ უფორმებდნენ წილებს ქიბარ ხალვაშს, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ის "სანდო ნომინალური პირი იყო":

"სანდო ნომინალური პირი, რომელსაც ბიზნესმენის "ბექგრაუდნი" ჰქონდა, და საზოგადოებისთვის ლოგიკურად და სწორად დასმულ კითხვას, რატომ არის, სიტყვაზე ვთქვათ, ეს ოქრუაშვილის, ხალვაში გაანეიტრალებდა".

ტელეკომპანია მზე 2003 წელს ბიზნესმენმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ვანო ჩხარტიშვილმა დააარსა. 2004 წელს ტელეკომპანიის აქციები მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა. 2006 წელს არხის წილების 78 პროცენტი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა იყიდა. მზეზე საინფორმაციო გადაცემების გადაცემა შეწყდა და ის მხოლოდ გასართობ არხად იქცა. მაშინდელი ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ტელეკომპანია მზის წილების გაყიდვის უკან მაშინდელი მთავრობის პოლიტიკური ინტერესები იდგა.