თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, მათმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიან გორაზე ძვ.წ. V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა. უნივერსიტეტის განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას.

"ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია, სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს, იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა", — ამბობენ უნივერსიტეტში.

გათხრებში თსუ-ს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი. საველე სამუშაოები მოინახულა და სტუდენტებს შეხვდა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე.

შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა. 2015 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გრაკლიანის გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ მეხუთე საუკუნემდე. აქ არის როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.

ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი