კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსთავი 2-ის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი. კოალიცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ჟურნალისტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საკუთარი სინდისისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობა კი დაცულია დირექტორისა და მესაკუთრის ჩარევისგანაც კი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან მიმდინარე პროცესების ფონზე აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები", — წერია განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

განცხადებას უერთდებიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • მედიაკლუბი;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.