ალბათ ბევრი ჩვენგანი შეხვედრია კატას, რომელიც ხელის ერთი გადასმისას სიამოვნებისგან იტრუნება, მეორე გადასმისას კი მზადაა, რომ თითი მოგვაჭამოს. ამ დროს ადვილია, რომ ყვეალფერი კატას დავაბრალოთ, თუმცა რეალობა, დიდი ალბათობით ისაა, რომ ჩვენ მათ სწორად ვერ ვეფერებით.

იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ასე, ჩვენ კატების წარსულს უნდა გადავხედოთ. დიდად სავარაუდოა, რომ შინაური კატის წინაპრებს (აფრიკული ველური კატა) ადამიანები ძირითადად მავნებლებთან საბრძოლველად იყენებენ, თანამედროვე შინაური კატები კი უფრო ხშირად კომპანიონისა და ოჯახის წევრის როლს ასრულებენ.

ადამიანების და კატების ურთიერთობის ასეთი გადასხვაფერება, ვარაუდის მიხედვით, დაახლოებით 4 000 წლის წინ, ანუ ადამიანებისა და ძაღლების დამეგობრებაზე უფრო გვიან მოხდა. ეს დრო, შესაძლოა, საკმარისი გვეგონოს იმისათვის, რომ კატები ადამიანების მოთხოვნებს შეგუებოდნენ, თუმცა ეს ასე არ არის.

განსხვავებით ძაღლებისგან, კატები საკუთარი წინაპრებისგან გენეტიკურად ბევრად უფრო ნაკლებად განსხვავდებიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი დიდწილად მაინც ველური კატებივით ფიქრობენ. ველური კატები სიცოცხლის დიდ ნაწილს მარტო ატარებენ და ერთმანეთთან კომუნიკაციას ირიბად, ძირითადად ვიზუალური და ქიმიური სიგნალებით ამყარებენ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანამედროვე კატებს წინაპრებისგან შთამომავლობით რაიმე კომპლექსური სოციალური უნარები ჰქონდეთ მიღებული.

მეორეს მხრივ, ადამიანები განსაკუთრებით სოციალური ცხოველები ვართ, ჩვენ გვიყვარს სიახლოვე და შეხება. ჩვენ ასევე გვესაყვარლება არსებები, რომლებსაც დიდი თვალები და შუბლი, პატარა ცხვირი და მრგვალი სახეები აქვთ, სწორედ ამიტომ აღვიქვამთ კატებს საყვარლად. ბუნებრივია, რომ საყვარელი კნუტის ან კატის დანახვისას ჩვენ მათი მოფერება, ჩახუტება და მოჭყლეტა გვინდება. გასაკვირი არ არის, რომ კატებისთვის ეს ყველაფერი ცოტა ზედმეტია.

კატების გრძნობები

მიუხედავად იმისა, რომ კატებს მოფერება ნამდვილად უყვართ, ადამიანებთან ურთიერთობა ის უნარია, რომელსაც კატები პატარა ასაკში, ორიდან შვიდ კვირამდე არსებულ პერიოდში სწავლობენ. კატების ნაწილმა, შესაძლოა, არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს აგრესიით უპასუხოს, ზოგიერთმა კი, შესაძლოა, უფასო საკვებისა და თავშესაფრის ხათრით, ჩვენი სოციალური სურვილები ნაწილობრივ მოითმინოს. აღსანიშნავია, რომ მომთმენი კატა ბედნიერ კატას არ ნიშნავს. კატები, რომლებიც პატრონების თქმით, მოფერებისას აგრესიას ითმენენ, უფრო დასტრესილები არიან.

როგორ მოვეფეროთ კატებს სწორად?

წარმატების ფორმულა შემდეგია: მოფერებისას კატას არჩევანისა და კონტროლის საშუალება უნდა მივცეთ. მაგალითად, უნდა მივცეთ საშუალება გვანიშნონ, სურთ თუ არა, რომ მოვეფეროთ. ასევე მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ მოძრაობა და იმის მინიშნება, სად სურთ შეხება და სად არა.

ჩვენი ხასიათის გამო ასეთი მიდგომა, შესაძლოა, მიმზიდველად არ ჟღერდეს და მის განსახორციელებლად საკუთარი თავის მოთოკვაც მოგვიწიოს.

მოფერებისას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ კატის ქმედებას და დავრწმუნდეთ, რომ ის თავს კომფორტულად გრძნობს. როდესაც საქმე შეხებას ეხება, ხშირად, ნაკლები მეტია. სხვთა შორის, ეს რჩევა ხშირად არა მხოლოდ კატებთან, არამედ ადამიანებთან მიმართებაშიც სწორია.

ზოგადად, მეგობრულად განწყობილ კატებს ისეთ ადგილებში უფრო ესიამოვნებათ შეხება, სადაც ჯირკვლები განლაგებული არ არის. ასეთი ადგილებია ყურის ძირები, ნიკაპის ქვედა რეგიონი და ლოყების გარშემო არსებული სივრცე. კატებს მუცელზე, ზურგზე და კუდზე შეხება ნაკლებად უყვართ.

პოზიტიური ნიშნები:

  • კუდი მაღლაა და კატა თქვენთან ურთიერთობას ცდილობს;
  • კატა კრუტუნებს და წინა თათებით გეთამაშებათ;
  • კუდი ჰაერშია და ქანაობს;
  • მოშვებული სხეული და სახის გამომატყველება, ყურები დაცქვეტილია;
  • თუ მოფერების შეწყვეტისას კატა მსუბუქად გიჯიკებთ, ეს ნიშანია, რომ მოფერება უნდა გააგრძელოთ.

ნეგატიური ნიშნები:

  • თავის არიდება;
  • პასიურობა (არანაირი კრუტუნი);
  • თვალის სწრაფი ხამხამი, თავის ან სხეულის დაფერთხვა, ცხვირის ალოკვა;
  • კანის თოკვა;
  • კუდის ნერვული, სწრაფი მოძრაობა;
  • ყურების გვერდით გაწევა;
  • სწრაფი შემოხედვა;
  • კბენა, დაჩხაპნა.

საბოლოოდ კი, ალბათ აუცილებელია თქვენი კატის ხასიათის გათვალისწინებაც. შეხება და მოფერება ზოგ კატას სიამოვნებს, ზოგს არა. მთავარია, რომ კატებთან ურთიერთობისას გარკვეული საზღვრები დაიცვათ და მათში არსებულ ველურ, მარტოსულ მტაცებელს პატივი სცეთ.