მზის დაბნელებებს, განსაკუთრებით კი მზის სრულ დაბნელებებს თვალყურს ასობით მილიონი ადამიანი ადევნებს ხოლმე. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენაა, თუმცა ის ადამიანებზე პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს.

მცენარეების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. 2017 წლის მზის სრული დაბნელებისას მეცნიერების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შეესწავლა, თუ რა გავლენას ახდენდა დაბნელება ერთ-ერთ მცენარეზე, კონკრეტულად კი მწარე აბზინდაზე, რომელიც აშშ-ს დასავლეთში ფართოდაა გავრცელებული.

მკვლევარები დეტალურად აკვირდებოდნენ, თუ რა რეაქციები მიმდინარეობდა დაბნელებისას მცენარის ფოთლებში. როგორც მოსალოდნელი იყო, დაბნელებისას ფოთოლში მეტაბოლური აქტივობა შენელდა, მზის მოულოდნელი დაბრუნებისას კი მცენარეში დაფიქსირდა აქტივობა, რომელიც სტრესსა და შოკთანაა ასოცირებული.

"დეტალურად არასდროს შესწავლილა, თუ რა მოსდით მცენარეებს მზის დაბნელებისას", — აცხადებს უაიომინგის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კვლევის მთავარი ავტორი დენიელ ბევერლი.

დენიელ ბევერლი მწარე აბზინდასა და ინსტრუმენტებს ამოწმებს.

დენიელ ბევერლი მწარე აბზინდასა და ინსტრუმენტებს ამოწმებს.

ფოტო: Dr. Mario Bretfeld

მწარე აბზინდა სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მზის სინათლეზე ატარებს. დენიელმა კოლეგებთან ერთად იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში რამდენიმე მცეანარე შეარჩია და დაამონტაჟა აპარატურა, რომელიც მცენარეში ფოტოსინთეზის სიხშირესა და წყლის აორთქლების სიჩქარეს ზომავდა.

როდესაც დაბნელება დაიწყო სინათლე შემცირდა, ტემპერატურა კი დაეცა, რასაც თან ფოტოსინთეზისა და წყლის აორთქლების სიჩქარის შემცირება ახლდა. მცენარეები ისე იქცეოდნენ, თითქოს მზე ჩადიოდა. ხოლო იმ ორი წუთისა და 18 წამის განმავლობაში, როდესაც მთვარემ მზე სრულად დაფარა, მცენარეში ორივე მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა.

ყველაზე დიდი გავლენა კი მცენარეზე მზის მოულოდნელმა გამოჩენამ მოახდინა.

"სწორედ ამ დროს დავაფიქსირეთ სტრესის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამ დროს ფოტოსინთეზის მეტაბოლური გზები დაირღვა", — ამბობს ბევერლი.

მისი თქმით, მზის სინათლის უეცარმა გამოჩენამ მცენარის ცირკადული რიტმი დაარღვია. ცირკადული რიტმი ერთგვარი შინაგანი საათია, რომელიც ორგანიზმის ყოველდღიურ ციკლს არეგულირებს.

გუნდმა ივარაუდა, რომ მზის დაბნელების დღეს მწარე აბზინდამ იმაზე დაახლოებით 14 პროცენტით უფრო ნაკლები ფოტოსინთეზი განახორციელა, ვიდრე ის მზის დაბნელების გარეშე განახორციელებდა.

ეს კვლევა თანხვედრაშია 1999 წელს ჩატარებულ კვლევებთანაც, რომლის შედეგებიც მიანიშნებდა იმაზე, რომ მზის დაბნელება მცენარეში წვენის მოძრაობასა და წყლის აორთქლების სიხშირეზე ახდენდა გავლენას.

გენტის უნივერსიტეტის მცენარეთა ეკოლოგიის პროფესორის, ქეითი სტეპის თქმით, მცენარე მზის დაბნელებისას თითქოს სუნთქვას იკავებდა. ამ დროს წყლის აორთქლება წყდებოდა.

ბევერლი ახლა 2024 წლის მზის სრულ დაბნელებას ელოდება, რა დროსაც ის დააკვირდება, თუ როგორ იქცევიან მზის დაბნელებისას ხეები და მარცვლეული კულტურები.