მეტროსადგურ ახმეტელის თეატრში, რომლის რეაბილიტაციას 2017 წელს დასრულდა, ჭერის დემონტაჟი გახდა საჭირო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ შემოწმების შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზების გამო მეტროს შესასვლელში ჭერს განაახლებენ.

კომპანიამ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჭერზე არსებული ხარვეზი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. მათი თქმით, ეს არ იყო "განსაკუთრებული დარღვევით ჩატარებული სამუშაო", უბრალოდ, დამატებითი კორექტირება სჭირდებოდა.

"მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის შემოწმება და კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ამ კვლევის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცა, რომ შესწორებები შესულიყო ზედა ფოიეში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებში. კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიის ფარგლებში შესწორებები შეაქვს მის მიერ ჩატარებულ სამუშაოებში", — თქვა თბილისის სატრანსპორტო კომპანის პრესსამსახურმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კვლევა მეტრო ახმეტელის ქვედა ფოიესა და დახრილ გვირაბსაც ჩაუტარა, სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ორ შემთხვევაში შესწორებები საჭირო არაა. კომპანიის თქმით, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის ჭერის შეკეთების სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მეტრო ახმეტელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისი მერიას 523 215 ლარი დაუჯდა. მეტრო ვარკეთილის და მეტრო ახმეტელს შპს ყვარელმშენი არემონტებდა. 2018 წლის 30 იანვარს, ახალგარემონტებულ მეტროსადგურ ვარკეთილში, ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამ ფაქტის შემდეგ შპს ყვარელრემმშენს მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს, შესაბამისად, გამარჯვებული მისი კონკურენტი შპს დამბა გახდა. შპს დამბამ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის 29 აგვისტოს დაასრულა.