ზვარეში ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების გაფიცვა დასრულდა. რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ადგილობრივ დასაქმებულ ასამდე მუშასთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც ერთ ერთი დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი On.ge-სთან საუბარში ჰყვება, კომპანიამ მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა:

"რა მოთხოვნებიც გვქონდა კომპანიამ დააკმაყოფილა, მათ შორის ზეგანაკვეთური შრომა, ფასიანი შვებულება, კვირაში ერთხელ დასვენება და სპეციალურ ტანსაცმელს 2 თვის განმავლობაში უზრუნველყოფენ".

მინდია ოკრიბელაშვილის თქმით, მედიაციის პროცესში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ:

"მუშების ნაწილი დღეს შევიდა სამუშაოდ, როცა ყველა მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, ყველანი გავაგრძელებთ მუშაობას".

ორი კვირის განმავლობაში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების შექმნას ითხოვდა. სამუშაოებს აწარმოებს შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო.