"[საქართველოს] აქვს ყველაზე საოცარი ბუნება იმ ქვეყნებიდან, სადაც მე ვყოფილვარ", — The Movement TV-სთან ინტერვიუში ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბედ რუსი და მოუწოდებს ადამიანებს იმოგზაურონ საქართველოში.

ელიზაბედ რუდი რუსეთიდან ფრენების აკრძალვას "არასაჭირო და არაპროპორციულ რეაქციად" აფასებს.

"იმ მოვლენებზე, რაც ამ ბოლო დროს მოხდა საქართველოში, არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა გააუქმოს რუსეთმა ეს შეზღუდვა და მისცეს რუსებს საქართველოში მოგზაურობის საშუალება. მანამდე, საქართველო რჩება შესანიშნავ ლამაზ უსაფრთხო ქვეყნად ტურისტებისთვის", — ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და უხმობს ყველას, მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, "ნახონ ეს საოცარი ქვეყანა".

ელიზაბედ რუდი ამბობს, რომ თბილისი მდიდარია ღამის ცხოვრებით, ბარებით და ხალხმრავალი ადგილებით, მაგრამ მას მაინც ბუნებაში წყნარ ადგულებში ყოფნა ურჩევნია:

"მიყვარს ლაშქრობები, კარვით სადმე წასვლა, თხილამურობა. საქართველოში შესანიშნავი სათხილამურო ადგილებია, რომელიც, სხვათაშორის, ძალიან იაფია, ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით. პირობებიც არაჩვეულებრივია და უსაფრთხოა. ბოლო ჩემი გასვლა იყო ქვემო ქართლში, კლდეკარის ციხეზე. ძალიან განცალკავებული და ლამაზი ადგილია. ასევე, ვიყავი 3-დღიან ლაშქრობაზე რაჭიდან სვანეთში. ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, შავი კლდეების ტბაზე... ბევრი ქართველი მეუბნება, რომ ისეთ რამეებს ვაკეთებ, რაც მათ არ გაუკეთებიათ და უნდათ, რომ გააკეთონ".

20 ივნისის მოვლენებისა შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების მოტივით 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეების სანტისაოკუპაციო აქციები უკვე 22 დღეა გრძელდება.