საპორტესტო აქცია #სირცხვილია პარლამენტთან უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ერთი თვეა უცვლელია მოთხოვნა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის 31-ე დღეს სცენა დაამონტაჟეს, სადაც აქცია-კონცერტი და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.

#სირცხვილიას ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით გამოვიდნენ "ქვეყნის სამსახურში" ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ფორმით, 19:00-დან.

აქცია #სირცხვილია და 20 ივნისის აქცია

საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია 31-ე დღეა მიმდინარეობს. სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შედეგად, აქციები ამ დრომდე გრძელდება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაგომის მოთხოვნით.

20-21 ივნისის მოვლენებს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იძიებს.