მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი ისაა, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი ეპოქაში, სადაც ელექტრონული გაჯეტები და კომპიუტერული თამაშები საბავშვო გართობის სფეროში სრულად დომინანტურია. სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მცდელობა, რომ ბავშვი მოვწყვიტოთ ვირტუალურ და დინამიურ სამყაროს, სადაც ამავდროულად ყველაფერს თავად აკონტროლებს და დავაბრუნოთ სტატიკურ ტექსტთან, რომელსაც იძულებულია უბრალოდ მიჰყვეს და თავად ვერაფერი შეცვალოს.

თუმცა, ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა, საბავშვო ლიტერატურა ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება. ზემოაღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზა, შესაძლოა ბავშვისთვის ძალიან ადრეული ასაკიდანვე წიგნთან ურთიერთობის სწავლება იყოს. წარმატებული საბავშვო ავტორის, მარიამ წიკლაურის საბავშვო ლიტერატურა სწორედ ამაში დაგვეხმარება.

მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური საბავშვო მწერალი, პოეტი და მთარგმნელია, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია ALMA 2019-ზეა წარდგენილი. ეს ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა და შესაბამისად, ქართველი ავტორის იქ წარდგენა სერიოზული მოვლენაა. წიკლაური საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორია.

მარიამ წიკლაურის ლექსები, თარგმანები, წერილები და ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი პოეზია თარგმნილია ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, შვედურ, უკრაინულ, იტალიურ, რუსულ, სომხურ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ ენებზე.

ქართული ანბანი (საბავშვო ლექსები) მისი 2013 წელს გამოცემული წიგნია, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მარიამ წიკლაური პრემიაზე მოხვდა, სწორედ ეს წიგნი გახლავთ.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ეს წიგნი ერთდროულად არის ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და საბავშვო ლექსების კრებული. მისი მეშვეობით ბავშვს შეუძლია ისწავლოს ასოები, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს სახალისო ლექსებს თანატოლებზე, მხიარულ ფრინველებსა და ცხოველებზე. ლექსები ქართული ანბანის რიგს მიჰყვება. ილუსტრირებულ წიგნში თითოეულ ასოზე თითოეული ლექსია დაწერილი.

ქართული ანბანის შესახებ გადაცემა სხვა შუადღეში დათო ტურაშვილმა ისაუბრა.