რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობა აქვს. მან საზოგადოებრივი მაუწყებელს უთხრა, რომ კომპანიის ანგარიშზე თანხები ფაქტობრივად არ არის და არსებული თანხა ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასისთვისაც არ არის საკმარისი.

"არ დავადასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა", — განაცხადა პაატა სალიამ.

კომპანიაში ფინანსურ პრობლემებზე პაატა სალიამ გუშინ, 19 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგაც განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის ფინანსური პრობლემები მისთვის ახალი არ იყო, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

"ამ მიმართულებით, ანუ ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ, ახლა ვფიქრობთ იმ გზებზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი", — განაცხადა პაატა სალიამ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაზღაურების ნაწილში ამ და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პრობლემები და ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია რაიმე ფინანსური რესურსი, რათა მისი პირადი ხარჯებით უზრუნველყოს ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პაატა სალიამ განმარტა, რომ ამ ფორმით მას განცხადება არ გაუკეთებია.

პაატა სალია რუსთავი 2-ში დირექტორის სტატუსით საფინანსო და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა და განაცხადა, რომ კომპანიაში საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას გეგმავს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.