პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მფლობელის პრეროგატივაა, თუ როგორ გაგრძელდება არხის მენეჯმენტი და ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ამის შესახებ მან იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

თალაკვაძის თქმით, ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო.

"ქართულმა ოცნებამ თავისუფალი მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის პირობებში არაერთი არჩევნები ჩაატარა. არაერთ არჩევნებში გავიმარჯვეთ. შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რა არის ჩვენი პროგრამა, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს და ეს ასეც იქნება. ამ კუთხით, არ ვფიქრობ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს მომავალი განვითარების ხედვაზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს", — განაცხადა თალაკვაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.