საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ორ თვეზე მეტია ხელმძღვანელი არ ჰყავს. ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ თანამდებობა 2019 წლის პირველ მაისს დატოვა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ლაშა ჟვანის პირველი მოადგილე, ნათია სულავა ასრულებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ლაშა ჟვანია 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი იყო. თითქმის ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, ლაშა ჟვანიამ პოსტი დატოვა და საპატრიარქოში დაბრუნდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ლაშა ჟვანია ადმინისტრაციაში იმ პირობით მივიდა, რომ მენეჯმენტის დალაგების შემდეგ უკან, საპატრიარქოში დაბრუნებას შეძლებდა.

როდის ეყოლება პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი უცნობია.