საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ პირველი არხის ჟურნალისტებს ვერ აკადრებენ, რომ სამუშაოდ რუსთავი 2-ში გადავიდნენ. ასე უპასუხა მაუწყებლის დირექტორმა ევრიპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას, რომლემაც მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.

"გაახსენდა უცებ პირველი არხი და ისეთი აბსურდი, რომ პირველ არხზე შეიძლება ვიღაცას აკადრო მსგავსი რამ. ვიცი, რა საზოგადოებაშიც არის გაზრდილი, ის არ არის თავისუფალ საზოგადოებას მიჩვეული — პირველ არხზე ადამიანებს ვერ აკადრებ, რომ კონტრაქტს არ გაგიფორმებ და, მით უმეტეს, რუსთავზე 2-ზე გადადი, ეს აბსურდია, სრულიად სასაცილო", — აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

რუსთავი 2-თან საუბრისას ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ ბოლო დროს ვასილ მაღლაფერიძე თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ კონტრაქტს არ გაუფორმებდა და რუსთავი 2-ში გადაიყვანდა. მისი თქმით, ვინც მობეზრებული ჰყავდათ ყველას გადაყვანა რუსთავი 2-ში უნდოდათ. ვასილ მაღლაფერიძის აზრით, გიგი უგულავა ტყუილებს თხზავს და მისი ბოდიში და კომპლიმენტები არ სჭირდება.

რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.