ფრენკ კაპრას კლასიკად აღიარებული ფილმი It’s a Wonderful Life მიუზიკლად დაიდგმება და მის მუსიკალურ გაფორმებაზე პოლ მაკარტნი იზრუნებს.

77 წლის ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის მდიდარ მუსიკალურ კარიერაში ეს პირველი მიუზიკლი გახლავთ. მაკარტნი ადაპტაციისათვის მუსიკასა და ტექსტზე ლი ჰოლთან ერთად იმუშავებს. ეს უკანასკნელი ცნობილი მიუზიკლის Billy Elliot-ის ავტორი და ელტონ ჯონის შესახებ გამოსული ბიოგრაფიული ფილმის Rocketman სცენარისტი გახლავთ.

მიუზიკლის დადგმის იდეა ბრიტანელ თეატრის პროდიუსერს, ბილ კენრაითს ეკუთვნის. სწორედ მან მოიპოვა ადაპტაციისათვის საჭირო საავტორო უფლებები და იდეა პოლ მაკარტნის გააცნო. ეს ყველაფერი კი 3 წლის წინ მოხდა.

"მრავალ სხვა საკითხთა მსგავსად, ყველაფერი იმეილით დაიწყო. ბილმა მკითხა, იყო თუ არა ეს ის, რაზეც ვიმუშავებდი. მიუზიკლის დაწერა არასოდეს მდომებია, მაგრამ მერე მე და ბილი ლი ჰოლს შევხვდით. მასთან საუბრის შემდეგ დავფიქრდი, რომ ეს ძალზე საინტერესო და სახალისო პროექტი იქნებოდა" — განაცხადა მაკარტნიმ.

ფრენკ კაპრამ It’s a Wonderful Life 1946 წელს გადაიღო, მისი პრემიერა კი 1947 წლის 7 იანვარს შედგა. სურათში მთავარი როლები ჯეიმს სტიუარტმა და დონა რიდიმ შეასრულეს. 5 ოსკარზე ნომინირებული ეს მხატვრული ნამუშევარი უკვე კინო-კლასიკად არის აღიარებული.

ფოტო: Allstar / RKO / Sportsphoto

ფილმი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საშობაო მხატვრულ ნამუშევრად მიიჩნევა. კენრაითს საავტორო უფლების მოპოვება ახალგაზრდობაშიც უცდია, მაგრამ მაშინ კაპრამ მას უარის შესახებ წერილის სახით შეატყობინა.

"ამ ფილმში ყველაფერია: კომედია, პათოსი და ის იშვიათი ჰუმანურობა, რომელიც თაობების მანძილზე ახდენს ადამიანებზე გავლენას. ეს ნამუშევარი ახლა ყველაზე რელევანტურია. მისი სცენაზე დადგმა დიდი პრივილეგიაა, მაგრამ ამის გაკეთება პოლ მაკარტნისთან ერთად ყოველგვარ მოლოდინს სცილდება. პოლის მახვილგონიერება, ემოციური გულწრფელობა და მელოდიური გენიალურობა ამ კლასიკურ ნამუშევარს სრულიად ახალ სიღრმეს მიანიჭებს" — განაცხადა ლი ჰოლმა.

კენრაითმა მიუზიკლისთვის დაწერილი მუსიკის დემოების შესახებაც ისაუბრა: "შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... სიმღერები იქით წაგიყვანენ, საითაც ამას არ ელოდებით. მელოდია მარტივად ჟღერს, მაგრამ ამან არ უნდა მოგატყუოთ. სწორედ ეს არის პოლის გენიალურობა"

მიუზიკლის პრემიერა 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.