"შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან", — ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, გადაწყვეტილებამ, რომლითაც რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები კანონიერი, ორი რამ აჩვენა.

  • არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;
  • საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

კახიძე წერს, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად საჭიროა სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი მათ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.

"ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს", — წერს ოთარ კახიძე.

რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.