ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, "დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული". ამის შესახებ ბარამიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბარამიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს. ჩვენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება. დარწუნებული ვარ, რუსთავი 2-ის მართლა გმირული, პატრიოტული კოლექტივის ბრძოლა გაგრძელდება. აუცილებლად, წყალი არ გაუვა, თავისუფალ მედიასთან ერთად ეს ბევრად ადვილი არის, მაგრამ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი აუცილებლად მშვიდობიანად დასრულდება", — თქვა ბარამიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის და საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.