ქიბარ ხალვაში, რომელსაც საქართველოს სასამართლოებმა რუსთავი 2-ის 100 პროცენტი მიაკუთვნეს, ამბობს, რომ მზად არის, არხის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესები გაითვალისწინოს. ამის შესახებ მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ", — აღნიშნა ხალვაშმა.

მისი თქმით, მათ ტელევიზიის დასაბრუნებლად ერთად უნდა ებრძოლათ, "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა".

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 18 ივნისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხალვაშს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია, არხის დირექტორი კი ამბობს, რომ დიდ პალატაში დავის დასრულებამდე მეწილეების ცვლილება იქნება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობა.