არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის (PHR) მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალებას ეხმიანებიან. მათი შეფასებით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა — არაადეკვატური.

ორგანიზაციების განცხადებით, ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისა და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, პრევენციისა და აღსრულების მექანიზმების არაეფექტიანობა და საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის გადადება დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. მათი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდულია.

მათივე თქმით, არაეფექტიანია სიღარიბის შემცირების პროგრამა და ვერ ფუნქციონირებს ბავშვთა დაცვის სისტემა, სახელმწიფო კი ამ ყველაფერში თავის პასუხისმგებლობას არ აღიარებს.

ამ მიზეზების გამო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალების შემთხვევაზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება;
  • შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომ დროულად შეისწავლოს დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, მოახდინოს დარღვევათა იდენტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სანქციები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე, ჩაატაროს პროაქტიული ინსპექტირება დასაქმების ადგილების და განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტების.
  • საქართველოს პარლამენტს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების ეფექტური დაცვის მიზნით, შექმნას ადეკვატური კანონმდებლობა და საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამუშაო ადგილზე სრულყოფილი ზედამხედველობის პირობებში დარღვევათა იდენტიფიცირებას და ადეკვატურ რეაგირებას;
  • საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა რომ კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებდა არ ჰქონდა გატარებული საჭირო პრევენციული ზომები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე არასრულწლოვანის დასაქმებაც აკრძალულია.

რუსთავი 2-თან საუბარში გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თბილისში სამუშაოდ მძიმე სოციალური პირობების გამო წავიდა. მათი თქმით, არ იცოდნენ, რომ ის მშენებლობაზე მუშაობდა.