ემოჯის მსოფლიო დღის აღსანიშნავად (კი, თურმე ასეთიც არსებობს) Apple-მა და Google-მა ახალი ემოჯიების ილუსტრაციები გაავრცელა. ემოჯიების თემები Unicode-მა ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა, თუმცა მათი შესახედაობა ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ახლაღა გახდა.

განახლების შედეგად პლატფორმებს მრავალი სხვადასხვა ემოჯი დაემატება. კომპანია უფრო მეტი მრავალფეროვნებისათვის ხელჩაკიდებული წყვილების ემოჯიების ანახლებს.

გუგლი ასევე აღნიშნავს, რომ Android Q-ში ისეთი ემოჯიები, როგორიც არის, მაგალითად, პოლიციელი, ან მეხანძრე, გენდერულად ნეიტრალური იქნება. გენდერის არჩევა კი სურვილის შემთხვევაში მომხმარებლებს ემოჯიზე დიდი ხნით დაჭერით შეეძლებათ.

iOS-სა და ანდროიდში ასევე დაემატება დამხმარე ძაღლის, ეტლის, ხელის და ფეხის პროთეზის, უსინათლო ადამიანისა და სმენის აპარატის ემოჯიები.

დაემატება რამდენიმე ახალი ცხოველიც, მაგალითად, ფლამინგო, ზარმაცა, სკუნსი, ორანგუტანი და წავი.

ეფლის ახალ ემოჯიებს iOS-ზე შემოდგომისთვის გვპირდება, გუგლი კი ამ განახლებას წლის ბოლოს, Android Q-სთან ერთად შემოგვთავაზებს.

ახალი ემოჯიების სრული სიის ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.