შიმპანზეებს ფილმების ერთად ყურება სიამოვნებთ — ასეთია სოციალური კავშირების ევოლუციის მკვლევართა მოსაზრება.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებს ისეთი ჯგუფური აქტივობები, როგორიცაა ფილმების ერთად ყურება ან სამაგიდო თამაშები, სოციალური კავშირების გაბმაში ეხმარებათ. აქამდე ბუნდოვანი იყო მსგავსი აქტივობების ფსიქოლოგიური მექანიზმები სხვა სახეობებში.

ცხოველთა სამყაროში დიდი ჯგუფის წევრები ხშირად მოქმედებენ სინქრონულად. მაგ: დელფინები თანხვედრილად დაცურავენ, ჩიტების მრავალი სახეობა შეწყვილების პერიოდში თავს გალობას და ცეკვას ქორეოგრაფიული სიზუსტით უკეთებს კოორდინაციას, ადამიანთა მსგავსი მაიმუნები ერთად მოგზაურობენ და ნადირობენ.

მკვლევართა ჯგუფის მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რამდენად აყალიბებს მჭიდრო სოციალურ კავშირებს ისეთი ქცევითი ურთიერთობები, როდესაც მონაწილეები გარე გამღიზიანებელზე ერთად არიან ფოკუსირებულნი?

"ადამიანებს სოციალური კავშირების აურაცხელი შესაძლებლობა გააჩნიათ, რაც სხვა სახეობებისთვის მიუწვდომელია. ამის მიზეზი კი ჩვენი კულტურაა — მაგ: მუსიკის მოსმენა ან ფილმების ყურება. აქამდე მიგვაჩნდა, რომ საერთო გამოცდილების შედეგად ასეთი ტიპის სოციალური კავშირების გაბმა მხოლოდ ადამიანისთვის იყო დამახასიათებელი", — განაცხადა ვოუტერ ვულფმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

ექსპერიმენტში შიმპანზეები წყვილებად მოათავსეს და მათ მოკლე ვიდეოები აჩვენეს. მკვლევარები ზომავდნენ პარტნიორთან მისვლის დროს, ფიზიკურ კონტაქტში შესვლის სიმჭიდროვეს და მეწყვილესთან დაყოვნების ხანგრძლივობას. მეცნიერები საერთო გამოცდილების ამ პარამეტრებს არამხოლოდ პრიმატების, არამედ პრიმატი-ადამიანის წყვილებშიც დააკვირდნენ.

აღმოჩნდა, რომ ის შიმპანზეები, რომლებიც წყვილში უყურებდნენ ვიდეოს, თავიანთ პარტნიორთან უფრო სწრაფად მიდიოდნენ ან მათ სიახლოვეს უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე ეულად მაყურებელი პრიმატები.

კვლევის მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საერთო გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებულ სოციალურ კავშირებს ღრმა ევოლუციური საფუძველი აქვს.

"ცხოველებს შეუძლიათ ერთად იდგნენ და ჩანჩქერს აკვირდებოდნენ, თუმცა ისინი მსგავსი გამოცდილებებისკენ არ მიილტვიან. აქამდე მიგვაჩნდა, რომ ისინი უბრალოდ ვერ იაზრებდნენ მსგავსი ქმედებების მნიშვნელობას ან ამგვარი ქცევის შედეგად არ გრძნობდნენ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ ეფექტს. ძალზე ამაღელვებელია იმის გააზრება, რომ ადამიანურ ფსიქოლოგიის ზოგიერთი ასპექტი ევოლუციურად შეიძლება უფრო ძველი აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა", — აღნიშნა ვულფმა.

მკვლევარის მოსაზრებას არ ეთანხმება პრიმატოლოგი, პროფესორი ფრანს დე ვაალი.

"ქცევის სინქრონიზება ძალზე ძველი, ემპათიის კვალდაკვალ თანშობილი მექანიზმია. რამდენად აცნობიერებენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები საერთო გამოცდილების მნიშვნელობას, ეს სხვა საკითხია. არ მგონია, რომ ამის დემონსტრირება მარტივად მოხერხებადი იყოს", — განაცხადა დე ვაალმა, რომლიც ამ კვლევაში არ მონაწილეობდა.

საქვეყნოდ ცნობილი პრიმატოლოგის მსგავს სკეპტიციზმს საფუძველიც აქვს: ცხოველებზე დაკვირვება ვიდეოს ნახვის შემდგომ მხოლოდ 3 წუთი გრძელდებოდა და შესაბამისად გაურკვეველია, რამდენად მუშაობს მკვლევარების გამოთქმული ჰიპოთეზა შორეულ პერსპექტივაში. ასევე, კვლევა ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობდა და შესაბამისად უცნობია, თუ რა ეფექტი აქვს მას ველურ ბუნებაში.

კვლევა ჟურნალში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.