ოთხშაბათს, 17 ივლისს საპროტესტო აქციის #სირცხვილია რიგით 28-ე აქციაზე ორგანიზატორები დემონსტრანტებს განსხვავებულ ფორმატს სთავაზობენ და წიგნის ერთგვარ მინიფესტივალს ჩაატარებენ. საპროტესტო გამოსვლებთან ერთად დემონსტრაციაზე გამომცემლობები და მაღაზიები იქნებიან წარმოდგენილი.

აქციას ამ ეტაპზე უერთდებიან სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა ინტელექტი, გამომცემლობა არტანუჯი, ჟურნალი ინდიგო და წიგნის მაღაზია სანტა-ესპერანსა. წიგნებს გასაყიდად ასევე გამოიტანენ დამოუკიდებელი ბუკინისტები.

შაბათის სხვა შუადღის წამყვანები, ლაშა ბუღაძე, ნენე კვინიკაძე, ქეთი დევდარიანი და მოგვიანებით, დათო ტურაშვილი საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდებიან და სცენიდან ისაუბრებენ მნიშვნელოვან წიგნებზე, რუსულ ოკუპაციასა და 20 ივნისიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებზე.

გარდა გამომცემლობებისა, ადგილზე წარმოდგენილი იქნება აქციის ორგანიზატორების სტენდი, სადაც მსურველს შეეძლება მიიტანოს საკუთარი წიგნები. აღნიშნულ წიგნებს ორგანიზატორები გაყიდიან და ამ გზით შემოსული თანხა აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე გადაირიცხება.