ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ 20 ივნისს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩაჯდომა პროტოკოლური შეცდომა იყო, რაშიც ყოფილი სპიკერი, ირაკლი კობახიძე დამნაშავე არაა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია "უფრო მაგარი კაცია", რადგან თანამდებობისთვის არ იომებს.

"მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა აბსოლუტურად საზოგადოების ობიექტური აღშფოთება. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა არსებულ სიტუაციას და დატოვა თანამდებობა. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარია. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს", — აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო გახარიას გადადგომა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას უნდა:

"გახარიას გადადგომა დღეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს იქ და უნდა შევიდნენ მოძალადეები. რატომ უნდა გადადგეს გახარია?".

ჟურნალისტების კითხვაზე, შეცდომა იყო თუ არა სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში 2016 წელსაც იყვნენ ჩამოსულები.

"2016 წელს საქართველოში იყვნენ რუსი დეპუტატები [ლეონიდ] სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე, გვარს ვერ ვიხსენებ. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს რასთან დაკავშირებით იყვნენ?... ეს არის, რომ 2016 ელს ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და რთულია არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ რომ სიტუაცია აეყირავებინათ", — განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.