ხმის გათიშვის ღილაკი 1964 წელს გამოიგონა რობერტ ადლერმა, ავსტრალიაში დაბადებულმა ინჟინერმა, რომელიც ჩიკაგოში არსებული რადიო ზენიტის კორპორაციაში მუშაობდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი იმ ოთხი ღილაკიდან, რომელიც Space Command 400-ზე - ტელევიზორის პირველ კომერციულად წარმატებულ დისტანციური მართვის პულტზე იყო განთავსებული. დანარჩენი სამი ღილაკი - ჩართვა/გამორთვა და არხების წინ და უკან გადართვა - შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი მოგეჩვენოთ, მაგრამ ადლერის უფროსმა, იუჯინ მაკდონალდმა, რომელიც საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი გახლდათ და ზედმეტსახელად მეთაურს ეძახდნენ, ხმის გათიშვის ღილაკის დამატებაც დაიჟინა.

"მას რეკლამები ეზიზღებოდა", - იხსენებდა ადლერი 1987 წელს. მაკდონალდს ეშინოდა, რომ ამ მომაბეზრებელ ჩართვებს ინფორმაციის გადაცემის ჯერ კიდევ ახალგაზრდა მედიუმის, ტელევიზიის დასამარება შეეძლო. აქედან გამომდინარე, ზენიტმა იმით დაიწყო თავის მოწონება, რომ მისი ხმის გამორთვის ღილაკი მაყურებელს შესაძლებლობას აძლევდა, "გაეთიშა გრძელი, გამაღიზიანებელი რეკლამების ხმა".

ფოტო: Doug Harland

თუმცა მაკდონალდს არ შეეძლო ეწინასწარმეტყველა ეკრანზე ამომხტარი, ეგრეთ წოდებული ფოფ-აფ რეკლამების გაჩენა, რომლებიც თქვენთვის ჩიფსების ან სხვადასხვა უსარგებლო პროდუქტის მოყიდვას შეეცდებოდა. რეალურად, ჩვენ მხოლოდ ახლა, უწყვეტი შეფერხებების ეპოქაში, ვიწყებთ ხმის გათიშვის მთლიანი პოტენციალის გააზრებას - არა მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ჩვენს ელექტრონულ მოწყობილობებს ეხება, არამედ - რეალურ ცხოვრებაშიც.

მაისში ტაქსის კომპანია Uber-მა ახალი ტიპის მომსახურებათა გამოცდა დაიწყო; მათ შორის არის ღილაკი, რომლის გააქტიურებაც იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ გსურთ, რომ თქვენმა მძღოლმა საუბარი შეწყვიტოს. სიმშვიდის პრივილეგია არის ევფემიზმი, რომელსაც Uber ამ სერვისის სახელწოდებად იყენებს (მომხმარებელს ასევე შეუძლია, ის სიამოვნებით გაგესაუბრებოდით ფუნქციაზე გადართოს - იღბლიანი მძღოლი). ეს მომსახურება იმ საოცნებო რეალობასთან გვაახლოებს, რომელშიც ყოველთვის შეგვიძლია ავირჩიოთ, ვის და რას მოვუსმენთ.

"მძღოლის გადმოსახედიდან ეს უზრდელური საქციელია", - ამბობს Uber-ის მძღოლი აღმოსავლეთ ლონდონიდან, - "და, გულახდილად რომ გითხრათ, შეურაცხმყოფელიც კია. ეს იგივეა, გითხრან, მოკეტეო. და ეს სიახლე თავად Uber-ზეც ბევრ რამეს ამბობს". Uber ხსნის, რომ ამ გზით იმ მომხმარებლების კომფორტისთვის ზრუნავს, რომლებსაც ეშინიათ, რომ მძღოლები მათ დაბალ შეფასებას მისცემენ, თუ საუბარში არ ჩაერთვებიან; მეორე მხრივ კი მძღოლებიც იმავე მიზეზით ერიდებიან მგზავრებთან საუბრის გაბმასო.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ შორის ვის არ უოცნებია იმაზე, რომ გამაღიზიანებელი კოლეგისთვის ან მკივანა ბავშვისთვის ან თუნდაც ზედმეტად მეგობრული მიმტანისთვის ხმის ჩაწევის უნარი გვქონოდა? სამყაროს დადუმება შემაცდენელი გველისგან თავისუფალ სამოთხეს გვპირდება; მსოფლიოს, სადაც მყუდროების დაურღვევლად შეგეძლება გააჩუმო განსხვავებული აზრი. რეალურ თუ არა, ვირტუალურ სამყაროში მაინც ამ ცდუნებისთვის გაძლება მართლაც რთულია.

როცა საგანს უყურებ, აცნობიერებ რომ ის შენ გარეთ, სამყაროში არსებობს; აი, სმენისას კი ადამიანთა უმეტესობა გრძნობს, თითქოს ხმები მათივე თავებიდან გამოიცემა. ეს გარემოება ბგერას უფრო ინტიმურსა და აბეზარს ხდის.

ტვიტერმა გაჩუმების ფუნქცია 2014 წელს დაამატა და ის მაშინვე სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარულ ფუნქციად, ერთგვარი ავტომატური წაყრუების საშუალებად იქცა. თქვენთვის უსიამოვნო პიროვნების დაბლოკვის ნაცვლად, რასაც ამ ადამიანისგან ფარულად ვერ გააკეთებთ, ახლა შეგიძლიათ, ის ისე გააჩუმოთ, რომ ამის შესახებ ვერასოდეს გაიგებს. ამ ფუნქციას მიმზიდველობას ის გარემოება მატებს, რომ ინტერნეტის ტროლებმა რაც უნდა გახელებით მოგნიშნონ თავიანთ კომენტარებზე, ვერაფრით მიხვდებიან, რატომ არ იწუხებთ თავს პასუხის გაცემით. ტვიტერმა ამ სიახლის კვალდაკვალ 2017 წელს თემაზე ორიენტირებული დაბლოკვის ფუნქციაც შემოიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ გინდათ გაიგოთ რამე Love Island-ის მსგავს რეალითი შოუზე ან, ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ან თუნდაც რომელიმე პოლიტიკოსზე, ამის მიღწევა თავისუფლად შეგიძლიათ. თუ გსურთ თვალი შეავლოთ ბედნიერ ტვიტერს, აკრიფეთ ხმის გათიშვის ღილაკი საძიებო გრაფაში და მსგავს ფრაზებს გადააწყდებით: "უბრალოდ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ხმის გათიშვის ღილაკს, რომ არასდროს მიცრუებს იმედებს"; "ხმის გათიშვის ღილაკი სამყაროში არსებულ ძლევამოსილ გამოგონებათა ტოპ ათეულში შედის"; "მადლობა @instagram-ს პოსტისა და სთორის დადუმების ღილაკებისთვის" და ა.შ.

ინსტაგრამმა გაჩუმების ფუნქცია გასულ წელს დაამატა და ამ ცვლილების შთამაგონებლად "კომპლექსური სოციალური დინამიკა" დაასახელა. ახლა უკვე მეგობრის წყენინების გარეშე შეგიძლიათ, თავი აარიდოთ მის მიერ იბიცაზე გადაღებულ უთვალავ სელფის და კერძების დაგემოვნების აღმწერ კოლაჟებს. "ჩემი მეგობრების წარმატება კი მახარებს, მაგრამ ინსტაგრამი ზედმეტად ამარტივებს შურის აღძვრას, რადგან იმაზე დარდი გეკვიატება, რატომ არ ხდება იგივე შენს თავს", - ხსნის ინსტაგრამის დადუმების ფუნქციის მოყვარული ერთ-ერთი მომხმარებელი, – "ცოტა ხნით შემოქმედებით ბაბლში თავის საკუთარი ნებით გამომწყვდევაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს".

კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტი და წიგნის, ცხოვრება გიჟივით, ავტორი, პოლ გილბერტი ასეთი ტიპის პასუხებს იუნგისეული ტერმინებით ხსნის. "ჩვენ სულ უფრო მეტად ვხდებით პერსონათი მართულები", - ამბობს ის, - "ჩვენი ქცევა და საუბარი იმითაა განპირობებული, თუ როგორებად გვინდა წარმოვჩნდეთ სხვა ადამიანების თვალში. სოციალურ მედიაში ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ". გილბერტისთვის Uber-ის გაჩუმების ფუნქცია
ამ პერსონების რამდენიმე წუთით დასვენების შანსად აღიქმება. "ადამიანი ისეთ მცირერიცხოვან მონადირე-შემგროვებლურ ჯგუფში განვითარდა, სადაც ყველა ყველას იცნობდა", - გვიხსნის ის, - "ჩვენ მაინცდამაინც არ ვართ უცნობებთან მუდმივი ურთიერთობის ქონასთან ადაპტირებულები. ადმიანებისთვის ეს წარმოუდგენლად დამღლელი შეიძლება იყოს. ასეთ დროს კი ტაქსიში მაინც გეძლევა შესაძლებლობა, რომ, უბრალოდ, დაჯდე და ჩუმად იყო".

დიახ, ამას რთულია, შეეწინააღმდეგო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ Uber-ის გაჩუმების ღილაკი ადამიანური კავშირის დამყარების ყველანაირ შესაძლებლობას სპობს. ამ გზით თითქოს იმ ფუნქციის ავტომატიზაცია ხდება, რომელიც ჩვენს ენაში საუკუნეთა განმავლობაში მუშავდებოდა. Uber-ის მძღოლი გვიხსნის, რომ მისთვის რთული არაა იმის მიხვედრა, ვის სურს საუბარში აყოლა და ვის - არა: "შენ ამბობ: რა გქვია? სად მიდიხარ? და ის მანერა, რომლითაც გპასუხობენ, ნათლად მიანიშნებს იმაზე, სურს თუ არა მეორე მხარეს ლაპარაკი. ეგეც რომ არ იყოს, ადამიანთა უმეტესობას ყურსასმენები აქვს. მეც, როგორც წესი, თან მაქვს ხოლმე ჩემი ბლუთუზიანი ყურსასმენები".

ის დიდ დროს ტელეგრამში ატარებს. ეს შეტყობინებების აპლიკაციაა, რომელიც WhatsApp-ის მსგავსად ფუნქციონირებს. "ტელეგრამზე არის ჯგუფები, რომლებშიც 200-მდე მძღოლია გაერთიანებული - ისინი რეალურ დროში გაყტობინებენ, რა ხდება ქუჩებში. თუ ავარიას გადააწყდები, შეგიძლია, ჯგუფის წევრებს შეატყობინო". ამ აპლიკაციის გარდა მისი ინტერესებია "აუდიოწიგნები, ლექციები, რადიო, პოდკასტები, საგანმანათლებლო მასალა. ნებისმიერი რამის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება თუ მომინდება, შესაბამის მასალას ვიწერ, როცა სახლში ვარ, და მერე ვუსმენ ხოლმე".

თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ რეალობისგან გამოთიშულ სამყაროებში მსგავსი გამოკეტვაც ხმის გათიშვის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს. თუნდაც რიგითი საოფისე სივრცე ავიღოთ საილუსტრაციოდ: თანამშრომლების ნახევარს მაინც მუშაობისას ყურსასმენები უკეთიათ, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს.

ფოტო: Mark Long

უფრო ფართო ტრენდი სმენის სივრცის პრივატიზაციის სახელითაა ცნობილი, - ამბობს ექიმი ტომ რაისი, ბგერითი ანთროპოლოგიის ლექტორი ექსეტერის უნივერსიტეტში: "ხმის სწავლებებში ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ყურის სარქველები და ვერ ვაკონტროლებთ, რა აღწევს და გროვდება ჩვენს ყურებში. ყურსასმენები ამ სარქველის მოპოვების ყველაზე წარმატებული მცდელობაა".

ზოგადად ვთანხმდებით, რომ ჩვენი აუდიო გარემო უფრო და უფრო დაბინძურებული ხდება - სახლშიც კი ჩვენი მიკროტალღური ღუმელები და სარეცხის მანქანები გამუდმებულად ხმოვან სიგნალებს გვიგზავნიან (და ზოგ შემთხვევაში, გვესაუბრებიან კიდეც). მაგრამ ხალხის უმეტესობა არ აჩუმებს სამყაროს იმ მიზეზით, რომ მათ რეალობა გადატვირთული ან დამაბნეველი ეჩვენებათ. "ადამიანები სამყაროს მოსაწყენადაც მიიჩნევენ", - ამბობს რაისი, - "ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ მათ ყურებამდე მიღწეული ხმები მოსასმენად არ ღირს". სხვა თუ არაფერი, განთიადისას ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა სულ უფრო იშვიათი სიამოვნება ხდება, ადამიანთა ხმებს კი პნევმატური ბურღები, სატვირთოების გუგუნი და მაღაზიების დინამიკებიდან წამოსული ედ შირინის მუსიკა ახშობს.

"როცა თანამედროვე ცხოვრების შესახებ გამოკითხვებს ვატარებთ და ადამიანებს ვეკითხებით, რა არის თანამედროვე ცხოვრების ყველაზე დიდი გამაღიზიანებლები, 'არასასურველი მუსიკა ან ხმა', ჩვეულებრივ, ტოპ ხუთეულში ხვდება ხოლმე", - გვეუბნება დოქტორი დანიელ ლევიტინი, ნეირომეცნიერი მაკგილის უნივერსიტეტში და წიგნის, ორგანიზებული გონება, ავტორი. ეს შედეგი მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სმენითი სისტემა: "შევადაროთ ის მხედველობას. როცა საგანს უყურებ, აცნობიერებ რომ ის შენ გარეთ, სამყაროში არსებობს. მაგრამ სმენისას ადამიანთა უმეტესობა გრძნობს, თითქოს ხმები მათივე თავებიდან გამოიცემა. ეს გარემოება ბგერას უფრო ინტიმურსა და აბეზარს ხდის".

ხმის გათიშვისადმი ჩვენი სწრაფვა, შეიძლება, საჯარო სივრცესა და სოციალურ ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახოს. ამ გზით ჩვენ ყველა განცალკევებულ ატომებად ვიქცევით.

"საუკეთესო შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურსასმენები გარემოზე კონტროლის მოპოვების საშუალებაა", - ამატებს ის. როცა Spotify-ის მომხმარებლებმა თავიანთი ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერები დაასახელეს, სიაში მოხვედრილ მელოდიათა გასაოცრად დიდ რაოდენობას სათაურში სიტყვები ტალღები და წვიმის ხმა ერია. როგორც ჩანს, ბევრ მსმენელს, უბრალოდ, ყურადღების გამფანტველი ხმაურის დაბლოკვა სურდა. "მაგრამ უარეს შემთხვევაში", - ამბობს ლევიტინი, - "ახალგაზრდა ადამიანები ფიქრობენ, რომ მუსიკის მოსმენისას საქმეზე მეტად კონცენტრირებულები არიან. ათასობით ისეთი კვლევა არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ მუსიკის მოსმენა წარმოუდგენლად ცუდია კონცენტრაციისთვის. ის, უბრალოდ, მუშაობის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის".

ამასობაში კი ჩვენი უნარი, გავაჩუმოთ ყველაფერი ის, რაც მოგვეპრიანება, სულ უფრო იხვეწება. Amazon, Apple და Google განუწყვეტლივ მუშაობენ ყურსასმენების ტექნოლოგიის განვითარებაზე. სტარტაპი, Doppler Labs, კი ისეთ პროდუქტებს ქმნის, რომლებიც ფონური ხმაურის მთლიანად ჩახშობის, კონკრეტული დინამიკებიდან გამომავალი ხმის გაუმჯობესებისა და ნათქვამის რეალურ დროში ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ, რომ მომავალში ვირტუალურ რეალობაში თვალებზე გასაკეთებელი მოწყობილობებით მოვხვდებით ხოლმე, მაგრამ ამის მიღწევა ყურების გავლითაც იმავე წარმატებით შეიძლება. მალე, შესაძლოა, რეალურად მოგვეცეს იმ ადამიანებისთვის ხმის ჩაწევის უნარი, რომელთა მოსმენაც არ მოგვინდება.

მაგრამ ვინ იცის, ამ ტექნოლოგიის გვერდითი ეფექტი რა იქნება და კიდევ რა გაჩუმდება. "ეს, შეიძლება, საჯარო სივრცესა და სოციალურ ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახოს. ჩვენ ყველა განცალკევებულ ატომებად ვიქცევით", - გვიხსნის რაისი. თუ ჩვენ გამუდმებით პოდკასტებს, მუსიკას ან თეთრ ხმაურს მოვუსმენთ, ამით საკუთარ თავებს საზოგადოებიდან ამოვშლით და სხვებთან ურთიერთობის შანსს მოვისპობთ. ეს კი ურთიერთდახმარებისა და ადამიანური კონტაქტით გამოწვეული სიამოვნების მიღების უნარისგან განგვძარცვავს.

"მე პირადად ყურსასმენების წინააღმდეგი არ ვარ და ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგია საოცრად გამოსადეგი და აუდიო გარემოს გამამდიდრებელი შეიძლება იყოს", - ამბობს რაისი, – "მაგრამ ისიც მგონია, რომ ხმოვანი გარემოცვიდანაც შეიძლება რაღაც ღირებულის მიღება, თუ მასზე ყურადღებას გავამახვილებთ". ამის გაკეთების ერთი გზა თქვენს ხმის დიეტაზე ფოკუსირებაა: "შეგიძლიათ, რომ თქვენი ყოველდღიური გარემოდან ხუთი ისეთი ხმა გამოყოთ, რომელსაც აფასებთ და გსიამოვნებთ და რომელიც თქვენს ცხოვრებას ამდიდრებს? სამსახურის ხელსაბანის
ბუყბუყი ონკანის მოშვებისას, ჩიტის ჭიკჭიკი, ხეებში განავარდებული სიო, ნაბიჯების ექო ხიდის ქვეშ... ამის გარდა, შეგიძლიათ, კონკრეტულ ხმაზე გაამახვილოთ ხოლმე ყურადღება - მსგავსი სავარჯიშოები ჩვენი ხმოვანი გარემოს უკეთ გაცნობიერებაში გვეხმარება და გვაგებინებს, რომელი ხმების მოსმენა გვსურს მეტად და რომლების - ნაკლებად".