საქართველოს პროკურატურის ცნობით, 20-21 ივნისის აქციაზე, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ბრალდებით შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,"ბ" ქვეპუნქტით.ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

15 ივლისს საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი მოქალაქეზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. საუბარია შსს-ს იმ თანამშრომელზე, რომელიც აქციის მონაწილეზე მანქანაში ჩასმამდე ძალადობს და სახეში მუშტს ურტყამს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალის გადამეტებით დაშალა, რა დროსაც მინიმუმ 160 მოქალაქე, მათ შორის მინიმუმ 30 ჟურნალისტი დაშავდა. სპეცრაზმელების ტყვიამ ორ მოქალაქეს თვალი დააკარგინა.