თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა, მაია მიქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამის დამადასტურებელია თუნდაც ის რომ სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს თუნდაც ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო სამუშაო. ასევე, სწავლების ნაწილზეც გაკეთდა ზოგადი კომენტარი სხვა დასაქმებულების მხრიდან, რომ მათ მხოლოდ ზეპირად უტარდებოდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟები. ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, აუცილებელია, რომ გავეცნოთ სრულყოფილად და შემდგომში სრულყოფილი დასკვნა დავდოთ", — აღნიშნა შრომის ინსპექტორმა.

ინციდენტი მშენებლობაზე დღეს, 16 ვილისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.