საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მწერალთა სახლის გაუქმება და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. საიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არგუმენტები კითხვებს აჩენს.

"მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები ოპტიმიზაციის გარდა ე.წ. ქოლგა ორგანიზაციის შექმნის და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა. ამასთან, ოპტიმიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ების სიაში მოხვდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, მაშინ როცა ევროკავშირის ექსპერტის დასკვნაში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთხელ არის დასახელებული, როგორც სანიმუშო და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი უწყება", — წერია განცხადებაში.

საია უარყოფითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ხელმძღვანელებთან არ ყოფილა კომუნიკაცია და გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს.

"არ ჩატარებულა წინასწარი შეხვედრები და შესაძლო რისკების გააზრება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მწერალთა სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა მედიასთან არაერთხელ დაადასტურა", — წერს საია.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, მწერალთა სახლის გაუქმებასა და მის ნაცვლად ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი შექმნაზე, ბოიკოტი გამოუცხადა მწერალთა ნაწილმა. მწერალთა სახლი 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის #13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

ამავე თემაზე: