პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, გიორგი ლომიას შეფასებით რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენები "თავდასხმა და პროვოკაცია" იყო. ამის შესახებ მან მოსკოვში რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში "დესტრუქციულმა ძალებმა" ყველაფერი სცადეს, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაფუჭებულიყო.

"თავდასხმა და პროვოკაცია რუს დეპუტატზე, [სერგეი] გავრილოვზე და ტელეარხ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის [გიორგი გაბუნიას] თავხედური გამოხტომა — ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლია. ეს ყველა პროვოკაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებისკენაა მიმართული. ჩვენ მორიგ ჯერზე ვასახელებთ ამ დესტრუქციულ ძალებს — ეს [მიხეილ] სააკაშვილის, [გიგა] ბოკერიას ნაციონალური მოძრაობაა. რუსეთ-საქართველოს მორიგი კონფლიქტი მათთვის პოლიტიკაში დარჩენის საშუალებაა, რათა თავიანთ უცხოელ სპონსორებს საკუთარი საჭიროება დაუმტკიცონ", —განაცხადა ლომიამ რუს დეპუტატებთან შეხვედრისას.

პატრიოტთა ალიანსის წევრები დუმაში მორიგი ვიზიტით გაემგზავრნენ. რუს დეპუტატებთან თავისი ინიციატივით პარლამენტის დეპუტატები, გიორგი ლომია და ადა მარშანია და თბილისის საკრებულოს წევრი, გოჩა თევდორაძე ჩავიდნენ. შეხვედრას წინ უსწრებდა ე.წ. გავრილოვის ღამე, რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა და ანტისაოკუპაციო აქციები, რომელიც რუსეთმა არაერთხელ შეაფასა ანტირუსულად და რუსოფობიურად.

15 ივლისს დუმაში გამართული შეხვედრა რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ქართველი დეპუტატები რუს კოლეგებს რუსეთ-საქართველოს დიალოგის არაფორმალურ საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ფარგლებში შეხვდნენ. აღნიშნული ჯგუფი 2017 წელს დსთ-ს საკითხების, ევრაზიული ინტერგაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტისა და პატრიოტთა ალიანსის წევრების ინიციატივით შეიქმნა.

როგორც დუმის ვებგვერდზეა აღნიშნული, მათ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები განიხილეს. ამასთანავე, მოსკოვისა და თბილისის მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობას შეეხნენ.

ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა

კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მზაობის შემთხვევაში რუსეთი შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის.

გიორგი ლომიამ, რომელიც დუმაში ქართული არაოფიციალური დელეგაციის თავმჯდომარე იყო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით საუბარიც გადაწყვიტა. ქართველ დეპუტატს ჰგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს სანქციები არ დაუწესოს, მოსახლეობის დიდი ნაწილი პატივისცემით შეხვდა.

"დიდად ვაფასებთ რუსეთს პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციას. რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები პატივისცემის ღირსია. ვიტყოდი, დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებებია", — აღნიშნა დეპუტატმა.

ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა

არაფორმალური მოლაპარაკებების შემდეგ ბრიფინგიც გაიმართა. გამოცემა Ria-ს ინფორმაციით, ადა მარშანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიალოგის დასამყარებლად რუს დეპუტატებს დახმარება სთხოვა. როგორც მარშანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რუსი დეპუტატები თხოვნას დათანხმდნენ. გიორგი ლომიამ მეზობელ სახელმწიფოსთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობასა და უალტერნატივობას გაუსვა გაზი. ამ შეხვედრას მან მიღწევა უწოდა.