სვანეთში ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად შექმნილი პეტიცია ლუქსემბურგში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საერთაშორისო ბანკებს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მწვანე ალტერნატივა ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით [17:00 სთ] პეტიციას 91 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტებს მიმართავს და მოითხოვს ბანკებმა არ დააფინანსონ ნენსკრა ჰესის მშენებლობა.

"პეტიცია "შეაჩერე ნენსკრა" აჩვენებს ხალხის ძალას - თუ როგორ შეიძლება გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებმა სვანეთის ძირძველი მოსახლეობის გასაჭირი გაიზიარონ და მათი სათქმელი უფრო ფართო მასშტაბით გაავრცელონ", — აღნიშნავს მწვანე ალტერნატივის ხელმძღვანელი, მანანა ქოჩლაძე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე განმარტებით, პროექტი საზიანოა საზიანოა როგორც სვანეთში მცხოვრებთათვის და ბიომრავალფეროვნებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის და ის გვერდს უვლის საქართველოს კანონმდებლობას, პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ.

მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ ნენსკრა ჰესის უარყოფითი ზემოქმედება აქვს გარემოზე, ის საფრთხეს უქმნის ხელშეუხებელ ხეობას, მოსახლეობის ბუნებრივ გარემოსა და ბიომრავალფეროვნებას. 10 ივნისს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ნენსკრა ჰიდროსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ნენსკრას პროექტით სახელმწიფო წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარით იზარალებს.

ხელშეკრულება ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა და 2019 წლის 8 ივნისს, რუსთავი 2-ის გადაცემა შაბათის კურიერში გასაჯაროვდა. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურია. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სვანეთის მოსახლეობის ნაწილმა სვანეთში და თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. ნენსკრა ჰესის პროექტისთვის ორივე ევროპულ ბანკს, EBRD-ს (214 მილიონი აშშ დოლარი) და EIB-ს (150 მილიონი აშშ დოლარი) სესხის გამოყოფაზე უკვე თანხმობა აქვთ გაცემული, თუმცა არც ერთ მათგანს სესხის გაცემის საბოლოო კონტრაქტისთვის „ნენსკრა ჰიდროსთან“ ჯერ ხელი არ მოუწერია.